ირაკლი კობახიძე: კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ჩვენი სურვილი, აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი და ზუსტად ამის გარშემო გვქონდა საუბარი

30 ოქტ 2026

ჩვენი სურვილი არის ცხადი, ჩვენ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა აშშ-თან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, კორტნი ოსტრიან გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებს.

„იცით, რომ, არჩევნებსა და ინაუგურაციას შორის, წინა ადმინისტრაციამ შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან, რაც იყო ძალიან უხეში ნაბიჯი და ეს ყველაფერი იყო იმ უხეში ნაბიჯების გაგრძელება, რასაც ვხედავდით ჩვენ წინა ადმინისტრაციის პირობებში. გახსოვთ, როგორ იტყუებოდა უხეშად მაშინდელი ელჩი, როგორ ესხმოდნენ თავს ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს მაშინდელი ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ამის კულმინაცია იყო სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება საქართველოსთან. ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ქალბატონ ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ჩვენი სურვილი - აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი და ზუსტად ამის გარშემო გვქონდა საუბარი შეხვედრაზე“, - აღნიშნა პრემიერმა.