ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, სერიოზული კომენტარი ვაკეთოთ გვარამიას განცხადებებზე, ეს არის ისტერიული მცდელობა, საკუთარი ცოდვები გადაფარონ, თუმცა საზოგადოება ხედავს, რამდენად მყარია სარჩელი

30 ოქტ 2026

არ შეიძლება, სერიოზული კომენტარები ვაკეთოთ ბატონი გვარამიას განცხადებებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,  ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც სასამართლო პროცესზე ნიკა გვარამიას განცხადებას ეხებოდა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით.

„ყველამ იცის, რომ ეს არის ჩვეულებრივი აბსურდი და არ შეიძლება, სერიოზული კომენტარები ვაკეთოთ ბატონი გვარამიას განცხადებებზე. უბრალოდ არასერიოზულია ასეთი განცხადებები. ეს არის ისტერიული მცდელობა, რომ საკუთარი ცოდვები გადაფარონ, თუმცა, საბოლოო ჯამში, საზოგადოება ხედავს იმას, თუ რამდენად მყარია ის სარჩელი, რომელიც წარდგენილია საკონსტიტუციო სასამართლოში“, - აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის, კოალიცის „ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოში ისაუბრა, რაში ემიჯნება წინა ხელისუფლებას.

„ვემიჯნები იმაში, რომ ერთ კონკრეტულ პირს არასდროს ახდევინებდა გადასახადებს და დააგროვებინა ასობით მილიონი. ვემიჯნები იმაში, რომ ამ კონკრეტულ პირს ბიუჯეტიდან მოპარული ფულით ვითომ ქველმოქმედება აწარმოებინა, რომელიც სინამდვილეში აღმოჩნდა გრძელვადიანი საარჩევნო კამპანია. ეს ერთადერთი პირი, სხვათა შორის, არის ბიძინა ივანიშვილი“, - განაცხადა გვარამიამ.