30 ოქტ 2026
არაკონსტიტუციური ხუთიანი არის სინამდვილეში ერთი პოლიტიკური პარტია და ამ პოლიტიკურ პარტიას ჰქვია უცხოური აგენტურა, ამას ჰქვია მეხუთე კოლონა. ასეთ პოლიტიკურ სუბიექტს როდესაც ესარჩლებიან ქვეყნის გარედან, ეს მეტყველებს თავისთავად იმ მხარეზე, რომელიც არის ამ გამოსარჩლების ავტორი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ალდე“ ტერორისტული აქტის მხარდამჭერად გამოვიდა, როდესაც არ დაგმო ალეკო ელისაშვილის მიერ განხორციელებული შესაბამისი ქმედება.
„„ალდეს“ შეფასება რთული არ არის ქართული საზოგადოებისთვის. რაც შეეხება ზოგადად საერთაშორისო გამოხმაურებას, მე ყველას მოვუწოდებ ერთადერთ რამეს, რომ ნაცვლად ასეთი მშრალი პოლიტიკური განცხადებებისა, ჩახედონ სარჩელს, თუ რაიმე სამართლებრივად აქვთ სათქმელი, კეთილი ინებონ და ეს თქვან. ასევე, შემდეგ, როცა გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორი შინაასისაც არ უნდა იყოს ის, ჩახედონ გადაწყვეტილების ტექსტს და თუ სამართლებრივი პრეტენზიები ექნებათ, ისაუბრონ სწორედ სამართლებრივ პრეტენზიებზე. ნუ გააკეთებენ უხეშ პოლიტიკურ განცხადებებს. ასეთი განცხადებები პირდაპირ არის უხეში ჩარევა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.