დღევანდელი საკონსტიტუციო სხდომა ოპოზიციის წევრების ახსნა-განმარტებებით გრძელდება

30 ოქტ 2026

დღევანდელი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა კვლავ ოპოზიციის წევრების ახსნა-განმარტებებით გრძელდება.

საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნა დილიდან პარტია „ლელომ“ დაიკავა, მოგვიანებით კი სასამართლოს წინაშე ახსნა-განმარტებით გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლები წარდგებიან.

„როდესაც ფაქტები მათ წინააღმდეგ მეტყველებს, ისინი ამ ფაქტებზე საერთოდ არ საუბრობენ. მათ შორის, მოჰყავთ სტრასბურგის სასამართლოს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს სარჩელში პირდაპირ არის მითითებული, ჩვენს სარჩელს ამართლებს და კიდევ უფრო მეტად ამყარებს. სამწუხაროდ, ამ მდგომარეობამდე არიან მისულები.

თან ნახეთ, მაგალითად, გვარამიას პარტიის შემთხვევა - ოთხი ადამიანი გამოვიდა და ოთხივემ აბსოლუტურად ერთი და იგივე ისაუბრა, უბრალოდ, განსხვავებული სიტყვებით. როდესაც ფაქტის წინააღმდეგ იწყებ ბრძოლას, რა თქმა უნდა, ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდები, როგორშიც ახლა კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“. ფაქტების წინააღმდეგ ბრძოლა ყოველთვის მარცხისთვის არის განწირული“, - აცხადებს არჩილ გორდულაძე.