30 ოქტ 2026
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა. ასევე, კახეთში გაიმართა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა.
მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
„ეკონომიკური თანამშრომლობა საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორისაა, ხოლო ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მზარდი დინამიკა ეკონომიკური კავშირების მუდმივ გაღრმავებაზე მიუთითებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-11 სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს მიზანია მიღწეული შედეგების შემდგომი განვითარება, მათ შორის, ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის უკეთ ათვისება, სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი დივერსიფიკაცია და საინვესტიციო აქტივობის კიდევ უფრო მეტად წახალისება.
„სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასთან ერთად, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ შუა დერეფნის განვითარებას, რომელიც კასპიისა და შავი ზღვების გავლით აზიას ევროპასთან აკავშირებს. ჩვენი საერთო მიზანია აღნიშნული მარშრუტის გამტარუნარიანობის, ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის შემდგომი ზრდა“, - განაცხადა პრემიერმა.