საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ჩინეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

30 ოქტ 2026

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის შესახებ გამართულ საერთაშორისო ფორუმში.

მინისტრის მოადგილემ მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე, მის პრევენციასა და სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ალექსანდრე დარახველიძემ, ასევე, ორმხრივი შეხვედრა გამართა ვიცე-გუბერნატორსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან, ვანგ დონგბინთან, რომელიც საქართველოს დელეგაციას მასპინძლობს.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობა და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

შეხვედრის დასასრულს ალექსანდრე დარახველიძემ ვიცე-გუბერნატორს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და საპასუხო ვიზიტით საქართველოში მიიწვია.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ერთად, დელეგაციის შემადგენლობაში არიან უწყების სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები.

ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.