საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ 31 ოქტომბერს მასშტაბური არეულობის მაღალი რისკი არსებობს, პარიზში რამდენიმე დემონსტრაცია აიკრძალა

29 ოქტ 2026

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ლორან ნუნიესი აცხადებს რომ 31 ოქტომბერს ძალადობრივი არეულობის განსაკუთრებით მაღალი რისკი არსებობს. ამის შესახებ BFMTV იუწყება. გამოცემის ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ქვეყნის პრეფექტებს სპეციალური შეტყობინება გაუგზავნა და უსაფრთხოების ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდა.

დოკუმენტში, რომელიც მედიამ მოიპოვა, აღნიშნულია, რომ სოციალურ ქსელებში ვრცელდება მოწოდებები 31 ოქტომბერს საფრანგეთის ქალაქების ცენტრალურ მოედნებზე მასობრივი შეკრებების გამართვის შესახებ.

„სოციალურ ქსელებში გამოვლენილია მრავალი მოწოდება ქალაქების ცენტრალურ ნაწილებსა და ყველა საჯარო მოედანზე ჰელოუინის საბაბით შეკრების შესახებ. ამ მოწოდებების თანმხლები გრაფიკული მასალების ანალიზი ეჭვს არ ტოვებს, რომ მათი ავტორები ძალადობის ახალი აქტების ჩადენას გეგმავენ. შესაბამისად, საღამოს ადრეული საათებიდან გვიან ღამემდე ქალაქებში ძალადობრივი არეულობის რისკი ძალიან მაღალია“, – ნათქვამია მინისტრის შეტყობინებაში.

ლორან ნუნიესმა პრეფექტებს განსაკუთრებული ყურადღებისკენ მოუწოდა სოციალურ ქსელებში გავრცელებული მოწოდებების გამო, რომლებიც მოქალაქეებს საღამოს 20:00 საათიდან ყველა საჯარო მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდებს.

მინისტრის შეფასებით, მსგავსი შეკრებები, შესაძლოა, არაკონტროლირებად მსვლელობებში გადაიზარდოს. ამ ფონზე პარიზის პოლიციის პრეფექტურამ დედაქალაქში რამდენიმე დემონსტრაციის ნაწილობრივი აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.

შეზღუდვები შეეხება 29 ოქტომბერს სტუდენტთა ეროვნული საკოორდინაციო მოძრაობის მიერ დაგეგმილ აქციას, ასევე 30 ოქტომბრის ორ დემონსტრაციას, რომელთა ორგანიზატორები „ყვითელი ჟილეტებისა“ და დამოუკიდებელი პროფკავშირული გაერთიანებების წარმომადგენლები არიან. გარდა ამისა, პარიზის პოლიციის პრეფექტურამ აკრძალა ულტრამემარჯვენე გაერთიანების, Objectif remigration-ის მიერ 31 ოქტომბერს დაგეგმილი კონფერენცია და პირველ ნოემბერს დანიშნული დემონსტრაცია.