დონალდ ტუსკი – იაროსლავ კაჩინსკი ევროკავშირიდან პოლონეთის გასვლის პირობებზე მოლაპარაკებებს ემხრობა, ეს რთული ბრძოლაა, წაგებას არ ვაპირებ, მაშინაც კი, თუ ყველა ჩემს მხარეს არ არის

29 ოქტ 2026

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტია „კანონი და სამართლიანობის“ ლიდერი იაროსლავ კაჩინსკი ევროკავშირიდან პოლონეთის გასვლის პირობებზე მოლაპარაკებების დაწყებას ემხრობა, – ამის შესახებ ტუსკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.

„იაროსლავ კაჩინსკიმ ახლახან განაცხადა, რომ პოლონეთმა ევროკავშირიდან გასვლის პირობებზე მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს. ეს ერთ-ერთი საკითხია, რომლის გარშემოც დღეს პოლონეთში პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს. ეს რთული ბრძოლაა. მე მის წაგებას არ ვაპირებ, მაშინაც კი, თუ ყველა ჩემს მხარეს არ არის“, – წერს ტუსკი.

პოლონური მედიის ცნობით, 28 ოქტომბერს, იაროსლავ კაჩინსკიმ ევროკავშირში ძირეული ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრა და არ გამორიცხა, რომ ამის მისაღწევად პოლონეთს მკაცრი და სარისკო მეთოდების გამოყენება დასჭირდეს.

„ევროკავშირი უნდა შეიცვალოს. ეს ჩემი ღრმა რწმენაა, ისევე, როგორც ჩემი პოლიტიკური ძალისა და, ვფიქრობ, ძალიან ბევრი პოლონელის“, – განაცხადა კაჩინსკიმ.

ოპოზიციის ლიდერმა ევროკავშირის რეფორმირების რამდენიმე შესაძლო გზა დაასახელა, მათ შორის – საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედება და ახალი ხელშეკრულების გაფორმება.

ამასთან, კაჩინსკიმ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის ხელშეკრულებებში არსებულ დებულებებზე, რომლებიც წევრი სახელმწიფოს გაერთიანებიდან გასვლის პროცედურას განსაზღვრავს.

მისი თქმით, ერთ-ერთი შესაძლო გზა სწორედ ამ პროცედურის ფარგლებში მოლაპარაკებების დაწყებაა.

„ყველაფერი მოლაპარაკებებით იწყება და შესაძლებელია, უბრალოდ ეს მოლაპარაკებები დავიწყოთ. ეს მკაცრი და სარისკო მეთოდია, მაგრამ ვითარება იმდენად მძიმეა, რომ სხვა გზები შედეგს თუ არ გამოიღებს, ამ მეთოდის გამოყენებაც ღირს“, – განაცხადა კაჩინსკიმ.

მისივე თქმით, ასეთი ნაბიჯი პოლიტიკურ სიმტკიცესა და ევროკავშირის რეფორმირების მომხრე ქვეყნებს შორის პოზიციების შეთანხმებას მოითხოვს.