საქართველო-სინგაპურის ფინტექის მომავალ ლიდერთა სასტიპენდიო პროგრამის შესახებ შეთანხმება სინგაპურში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა

29 ოქტ 2026

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ციფრული აქტივებისა და ინსტიტუციურმა ბანკმა Pave Bank-მა და სინგაპურში დაფუძნებულმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ Global Finance & Technology Network (GFTN) ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოსა და სინგაპურს შორის უმაღლესი განათლების სფეროში პირველი გაცვლითი პროგრამის შექმნას და ორ ქვეყანას შორის კერძო სექტორის მიერ დაფინანსებული პირველი ფინტექ სტიპენდიის პროგრამის ამოქმედებას.

შეთანხმების საფუძველზე შეიქმნება საქართველო-სინგაპურის ფინტექის სტიპენდიანტთა პროგრამა (Georgia-Singapore Fintech Scholars Programme), რომელიც ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, აკადემიური და პრაქტიკული ცოდნა მიიღონ სინგაპურში, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ფინტექ ეკოსისტემაში.

საქართველო-სინგაპურის ფინტექის მომავალ ლიდერთა სასტიპენდიო პროგრამის შექმნის შესახებ შეთანხმება სინგაპურში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. მისი დეტალები გუშინ, „თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში გახდა ცნობილი. წლევანდელი სამიტის განსაკუთრებული სიახლე სწორედ საგანმანათლებლო კომპონენტია, რადგან ფინანსური და ტექნოლოგიური სექტორის განვითარება უშუალოდაა დაკავშირებული კვალიფიციური კადრების მომზადებასა და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნასთან. პროგრამის მონაწილეები სინგაპურის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში ისწავლიან და შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ სინგაპურის, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფინანსური ცენტრის ფინტექ ეკოსისტემას.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველო-სინგაპურის გაცვლითი პროგრამა მომავალი წლიდან დაიწყება. იგი თსუ-ს ბიზნესისა და STEM მიმართულებების საუკეთესო სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, ერთი სემესტრი გაატარონ Singapore Management University-ში (SMU). პროგრამა მხოლოდ აკადემიური სწავლებით არ შემოიფარგლება და სტუდენტების პროფესიული განვითარების მრავალმხრივ შესაძლებლობებს მოიცავს. აღნიშნული ითვალისწინებს სპეციალურად შემუშავებულ სასწავლო აქტივობებს, ფინტექ ინდუსტრიასთან უშუალო თანამშრომლობასა და მენტორობას სინგაპურში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. მისი წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა, სტაჟირება გაიარონ პარტნიორ ორგანიზაციებში.

ამასთან, სტიპენდიატები გახდებიან GFTN-ის გლობალური ქსელის „ცოდნის წრის“ წევრები. ეს არის საერთაშორისო პროფესიული ქსელი, რომელიც მონაწილეებს ცოდნის გაზიარებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს სთავაზობს.  პროგრამას Tether და Pave Bank აფინანსებენ.

მხარეებს შორის ოფიციალური მემორანდუმის გაფორმების ცერემონიას კომპანია Tether-ის გაფართოების დირექტორი მარკო დალ ლაგო, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე ესწრებოდნენ.

სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, მისასალმებელია, რომ საქართველოსა და სინგაპურს შორის მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და პროფესიული თანამშრომლობა ახალ ეტაპზე სწორედ „თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში გადავიდა.

„ახალგაზრდებში ფინანსურ და ეკონომიკური წიგნიერებაზე ზრუნვა საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. გვჯერა, რომ ახალგაზრდა თაობისთვის საფუძვლიანი ფინანსური ცოდნის მიცემა, ეკონომიკური პროცესების სიღრმისეული გააზრების ხელშეწყობა აუცილებელია როგორც ჯანსაღი ფინანსური სისტემის, ასევე ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკის ჩამოსაყალიბებლად. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოში მოქმედ უნივერსიტეტებთან, რათა დავეხმაროთ სტუდენტებს მათთვის თანამედროვე ტენდენციების, საუკეთესო გამოცდილებისა და უახლესი მონაცემების გაზიარების გზით. ეს პროგრამა არა მხოლოდ ქართველ სტუდენტებს გაუხსნის ახალ შესაძლებლობებს, არამედ კიდევ უფრო გააღრმავებს საქართველოსა და სინგაპურს შორის თანამშრომლობას ფინანსური ინოვაციების, განათლებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით“, - განაცხადა სებ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ.

შეგახსენებთ, რომ მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება წელს თბილისში, „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“, უკვე მეორედ გაიმართა. სამიტის თანაორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სინგაპურის გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელი (GFTN). ერთობლივად ორგანიზებულ სამიტზე მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის პირველი პირები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ფინტექ ინდუსტრიისა და ფინანსური სექტორის ლიდერები, საერთაშორისო კომპანიებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლები. სამიტის მიზანია ფინანსური ტექნოლოგიების განვითარება, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს, როგორც რეგიონული ფინანსური და ტექნოლოგიური პლატფორმის, როლის განმტკიცება.