29 ოქტ 2026
არის თუ არა ოპოზიციური პარტიების ქმედებები და სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებები არაკონსტიტუციური? - საკონსტიტუციო სასამართლო მეცხრე დღეა მსჯელობს მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ სარჩელზე, რომლითაც კონკრეტული პარტიების აკრძალვას ითხოვენ.
დღის პირველ ნახევარში სასამართლომ კოალიცია ''ცვლილებებისთვის'' ახსნა-განმარტებები მოისმინა. ნიკა გვარამიამ მმართველი პარტია გააკრიტიკა, რომლებსაც შეახსენა სარჩელის 23 მუხლის მესამე პუნქტი და თქვა, რომ ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე მხარე სთავაზობს სასამართლოს, ასაკრძალია არა ოპოზიცია, არამედ ''ქართული ოცნება''.
"მოსარჩელე საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის აკრძალვას აპირებს" - ასე კი პარტია ''ლელოს'' წარმომადგენელმა სარჩელის მიზანი შეაფასა.
გიორგი კახიანის თქმით, დღეს ნიკა გვარამიასთან ბევრი აბსურდული განცხადება მოისმინა.
''არაერთი მარგალიტი ითქვა, მაგრამ ერთს გამოვყოფ. გვარამიამ ისაუბრა, რას ემიჯნება. იყო მოლოდინი, მაგალითად, იტყოდა, რომ ემიჯნება ადამიანის უფლებების იმ სისტემურ დარღვევებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამას კი არ ემიჯნება, ემიჯნება თურმე იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი გადასახადებს არ იხდიდა და შემდგომ ამ გადასახადებით მოვიდა პოლიტიკაში. მაშინ, როდესაც საქართველოს ბიუჯეტი გაღლეტილი იყო, ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა პოლიციელების, მასწავლებლების ხელფასებს და უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის. აღმოჩნდა, თურმე ბატონი გვარამია ამას ემიჯნება და არა იმას, რომ სისტემურ დანაშაულებს ჰქონდა ადგილი მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს" - განაცხადა გიორგი კახიანმა.