ლევან კოღუაშვილი: ვოცნებობდი, ბიბლიოთეკარი გამოვსულიყავი, მაშინ მეგონა, რომ ეს მსოფლიოში საუკეთესო პროფესია იყო - მინდოდა, მქონოდა ნათურა და ბევრი წიგნი

29 ოქტ 2026

რეჟისორი, "ოქროს გლობუსის" სპეციალური ჯილდოს მფლობელი ლევან კოღუაშვილი გადაცემა "ახალი დილის" სტუმარი იყო. მან ბავშვობისა და სტუდენტობის წლები გაიხსენა.

რეჟისორმა აღნიშნა, რომ ოჯახის წევრებს კინემატოგრაფიასთან შეხება არ ჰქონიათ, წიგნისა და კინოს სიყვარული კი პატარა ასაკიდან გამოიკვეთა.

"ჩემს ოჯახს კინოსთან არანაირი შეხება არ ჰქონია. ჩემი მშობლები ექიმები იყვნენ - მამა ექიმი იყო, დედა კი ბიოლოგი და ფიზიოლოგი. კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა.

ბავშვობაში მამასთან ერთად დავდიოდით თეატრსა და კინოთეატრებში. ვუყურებდით ფილმებს, რომლებიც ეკრანებზე გამოდიოდა. მოგვიანებით, ვიდეოკასეტებზე ვნახულობდი ყოველ ახალ ფილმს. ერთხელ შავ-თეთრი ფილმი ვნახე, რომელიც სხვებისგან სრულიად განსხვავდებოდა და ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მოგვიანებით გავიგე, რომ ეს იაპონელი რეჟისორის, აკირა კუროსავას ფილმი „რაშომონი“ იყო.

ძირითადად კითხვა და წიგნები მიყვარდა. ჩვენს თაობას, რაღაც კუთხით, გაგვიმართლა კიდეც, რომ ინტერნეტი არ გვქონდა. დღევანდელი ბავშვები კი ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დგანან. მარტივი არ არის, გაუძლო ამ ინფორმაციულ ზეწოლას. ისინი ისეთ სამყაროში შედიან, რომელიც კოსმოსივით უსასრულოა და სად წაიყვანს, სად მოახვედრებს, ღმერთმა იცის.

ჩვენს დროს მთელი კონცენტრაცია წიგნებზე იყო მიმართული. მახსოვს, ვოცნებობდი, ბიბლიოთეკარი გამოვსულიყავი. მინდოდა, მქონოდა ნათურა და ბევრი წიგნი. მაშინ მეგონა, რომ ეს მსოფლიოში საუკეთესო პროფესია იყო.

უკვე ეკონომიკურ ან მსგავს ფაკულტეტზე ვაბარებდი, როცა მილოშ ფორმანის ფილმი „ამადეუსი“ ვნახე. ამ ფილმმა ჩემზე ძალიან იმოქმედა. ბუნებით ემოციური ადამიანი ვიყავი - რასაც ვნახავდი ან წავიკითხავდი, ის ემოცია დიდხანს მომყვებოდა ხოლმე. ახლაც ამ ემოციებში ვიყავი, როცა დილით მეზობელი შემხვდა და მითხრა, თეატრალურში კინოეკონომიკის ფაკულტეტი გაიხსნაო. მაშინვე გადავწყვიტე, თეატრალურში ჩამებარებინა. მინდოდა, კინოსთან ახლოს ვყოფილიყავი, თუმცა ჯერ წარმოდგენაც არ მქონდა, კონკრეტულად რას გავაკეთებდი.

შემდეგ დაიწყო ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი - სამოქალაქო ომი, აფხაზეთის ომი. ჩვენი მეგობრები და ახლობლები ომში წავიდნენ, ბევრი კი უკან აღარ დაბრუნებულა. სხვადასხვა ისტორიას ვისმენდით, გული გვტკიოდა. როცა ხედავ, რა ხდება, გული გწყდება, სინდისი გაწუხებს და შენც გინდა, რაღაც გააკეთო. სწორედ მაშინ ვიფიქრე, რომ სამხედრო ჟურნალისტი გავხდებოდი. ჰემინგუეის გავლენით მინდოდა, ომში წავსულიყავი.

19 წლის ვიყავი, როცა ტელევიზიაში მივედი და საკუთარი თავი შევთავაზე: გამიშვით აფხაზეთში, რეპორტაჟებს გავაკეთებთქო. მითხრეს, ჯერ აქ სცადე და გვაჩვენე, რისი გაკეთება შეგიძლიაო.

დავიწყე რეპორტაჟებისთვის ტექსტების წერა, თან კადრებსაც ვიღებდი და ვფიქრობდი, როგორ გამომეყენებინა ისინი სიუჟეტში. სწორედ მაშინ აღმოვაჩინე შემოქმედების სიხარული.

ირგვლივ კი ურთულესი ვითარება იყო - ომთან ერთად ქუჩაში სროლები, კრიმინალური გარჩევები, ნარკოტიკები... ტელევიზიაში ორი წელი ვიმუშავე, აფხაზეთშიც წავედი, კლიპებზეც ვმუშაობდი. ერთხელ ტელევიზიაში ანტენაც აგვიფეთქეს... მოკლედ, ძალიან დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მივიღე.

როცა კინოში მოდიხარ, მხოლოდ განათლება არ არის საკმარისი. ცხოვრება უნდა იცოდე, რაღაც უნდა გქონდეს ნანახი და განცდილი. ეს გამოცდილება კი საბოლოოდ განსაზღვრავს, როგორ უყურებ სამყაროს და რას ჰყვები შენი ფილმით''- აღნიშნა ლევან კოღუაშვილმა.