"ერთიანი ნეიტრალური საქართველო: ევროკომისია, რომელიც ევროკავშირის შიდა და საგარეო პოლიტიკას წარმართავს, ძალადობრივ არეულობაში ჩართულ ჯგუფებს აფინანსებს, ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი პრეცედენტია

29 ოქტ 2026

პარტია "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" აცხადებს, რომ ევროკომისია და ჯორჯ სოროსის ფონდი საფრანგეთსა და იტალიაში ძალადობრივ არეულობებთან დაკავშირებულ ხუთ ორგანიზაციას აფინანსებდნენ.

პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ აღნიშნული ორგანიზაციები დემონსტრაციებს აწყობდნენ და პოლიციის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს ახალისებდნენ. პარტიაში აღნიშნავენ, რომ მსგავსი პროცესები საქართველოსთვისაც საფრთხის შემცველია. 

"ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" ლიდერების შეფასებით, ევროკომისიის მიერ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად 38 მილიონი ევროს გამოყოფა ქვეყანაში მოქმედი პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსებას უკავშირდება.

"ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ მიიჩნევს, რომ საქართველომ ევროკომისიის მოთხოვნები და რეკომენდაციები არ უნდა გაითვალისწინოს და მასთან ურთიერთობები უნდა გაწყვიტოს.

"უკვე ღიად დადასტურდა, რომ ევროკომისია, რომელიც ევროკავშირის შიდა და საგარეო პოლიტიკას წარმართავს, ძალადობრივ არეულობაში ჩართულ ჯგუფებს აფინანსებს, რაც მთლიანად ევროპისთვის კატასტროფა, ჩვენი ქვეყნისთვის კი უდიდესი საფრთხის შემცველი პრეცედენტია. ბუნებრივია, მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატები საკუთარ ქვეყნებში ძალადობასა და არეულობას უწყობენ ხელს, საქართველოსთან მიმართებით კიდევ უფრო უხეშ, მძიმე შედეგების მომტან ნაბიჯებს კვლავ გადადგამენ. ბრიუსელი ამას აღარც მალავს და გვიცხადებს, რომ ევროკომისია გამოყოფს 38 მილიონ ევროს, საქართველოში ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად. სინამდვილეში, ეს სხვა არაფერია, თუ არა ჩვენს ქვეყანაში მოქმედი აგენტურული ქსელის − პარტიების, ენჯეოებისა და მათივე მედიასაშუალებების პირდაპირი დაფინანსება.

აღნიშნული სცენარი ჩანასახშივე უნდა აღვკვეთოთ და არათუ „დიფ სთეითის“ მორჩილი ევრობიუროკრატების არცერთი მოთხოვნა თუ რეკომენდაცია არ უნდა გავითვალისწინოთ, არამედ მათთან ურთიერთობა საერთოდ უნდა გავწყვიტოთ,"- განაცხადა შაქარაშვილმა.