29 ოქტ 2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძარცვისა და გამოძალვის ბრალდებით, შვიდი პირი დააკავეს, – ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკნაძემ განაცხადა.
„სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება ჩამოაყალიბა, რომლის წევრებთან ერთადაც წინასწარ შეიმუშავა მოქალაქეებზე თავდასხმის, მათ მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებისა და მატერიალური სარგებლის მართლსაწინააღმდეგოდ მიღების გეგმა.
დაჯგუფების წევრები სხვადასხვა სოციალურ ქსელში მდედრობითი სქესის სახელით ყალბ პროფილებს ქმნიდნენ. აღნიშნული ანგარიშების მეშვეობით, ისინი მამაკაცებს უკავშირდებოდნენ და გაცნობის საბაბით წინასწარ შერჩეულ ადგილებზე შეხვედრებს უნიშნავდნენ, დათქმულ ადგილზე მისულ პირებს კი ჯგუფურად თავს ესხმოდნენ. ბრალდებულები მოქალაქეებს განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ, ცივი იარაღისა და ბასრი საგნის დემონსტრირებით აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ასევე, მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ მათ კუთვნილ ფულსა და პირად ნივთებს.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დაზარალებულთა ცემისა და დამცირების პროცესს მობილური ტელეფონებით იღებდნენ, რის შემდეგაც აღნიშნულ ვიდეომასალას სოციალურ ქსელის საშუალებით ავრცელებდნენ, ხოლო აღნიშნული პირების მიმართ ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და თანხის გამოძალვას განაგრძობდნენ“, – განაცხადეს შსს-ში.
მათივე ცნობით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ცივი იარაღები, ნიღბები, ტაქტიკური აღჭურვილობა, ასევე, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე, 181-ე და 225-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ცნობით, დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.