28 ოქტ 2026
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის თავმჯდომარეს, პოლონეთის ყოფილ პრეზიდენტ ალექსანდერ კვაშნიევსკის შეხვდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ნარკოპოლიტიკის მიმართულებით რეგიონული თანამშრომლობა და არსებული გამოწვევები განიხილეს.
ხაზი გაესვა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ კოორდინირებული მოქმედებების მნიშვნელობას, მათ შორის, პარტნიორ ქვეყნებს შორის ინფორმაციის სისტემატურ გაცვლას და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობას.
ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული ძალისხმევა დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის განხორციელების მიმართულებით, მათ შორის, პრევენციის, მკურნალობა-რეაბილიტაციის, ზიანის შემცირებისა და მიწოდების შეზღუდვის კუთხით. ამ მიმართულებით ხაზი გაესვა ჯანდაცვისა და რეაბილიტაციის თვალსაზრისით გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის სახელმწიფოს მიერ ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის დაფინანსებას, რომლითაც დაახლოებით 14 000 პაციენტი სარგებლობს.
საუბარი ასევე შეეხო ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მიღწეულ შედეგებს. აღინიშნა, რომ 2026 წელს ნარკოდანაშაულისთვის სისხლის სამართლებრივი დევნა 7 438 პირის მიმართ დაიწყო, ხოლო დაკავებულია ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 1 409 პირი.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამშრომლობის, მონაცემების გაცვლისა და ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით.
შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდა.