ანდრია ჯაღმაიძე: სამორინეებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა, საკითხზე საპატრიარქოსთან წინასწარი კომუნიკაცია არ ყოფილა

28 ოქტ 2026

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის კომენტარს სამორინეებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე, საპატრიარქო სოციალურ სელში ავრცელებს.

როგორც დეკანოზის განცხადებაშია აღნიშნული, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა საპატრიარქოსთვის მოულოდნელი აღმოჩნდა და ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან წინასწარი კომუნიკაცია არ ყოფილა.

ჯაღმაიძის თქმით, ჯერჯერობით საპატრიარქოში აღნიშნულ საკითხზე ფართო მსჯელობა არ გამართულა, თუმცა საპატრიარქო მსგავსი პროცესისგან განზე ვერ დარჩება.

"საქართველოს საპატრიარქო 2017 წლიდან დაწყებული იმ პროცესის უშუალო ინიციატორი და ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო, რომელიც აზარტული თამაშების სფეროში რეგულაციების შემუშავებასა და დაწესებას ისახავდა მიზნად.

ამ საკითხზე მუშაობა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. საპატრიარქოს მხრიდან პროცესს ხელმძღვანელობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III , იმჟამად - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე. ჩატარდა არაერთი კვლევა, შეგროვდა და გაანალიზდა სტატისტიკური მონაცემები, რომელთა შედეგებიც საზოგადოებას გავაცანით. საბოლოოდ, ხელისუფლებამ მიიღო რეგულაციების მთელი პაკეტი, რაც მეტად მისასალმებელი იყო.

რაც შეეხება ამჟამინდელ საკანონმდებლო ინიციატივას, ის ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან წინასწარი კომუნიკაცია არ ყოფილა.

ჯერჯერობით საპატრიარქოში აღნიშნულ საკითხზე ფართო მსჯელობა არ გამართულა, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ საპატრიარქო მსგავსი პროცესისგან განზე ვერ დარჩება.

გავეცანით სახალხო დამცველის პოზიციას და პირადად მე მის არგუმენტებს დიდწილად ვიზიარებ.

იმედს ვიტოვებთ, რომ კანონპროექტის ინიციატორებთან დიალოგი სასიკეთო შედეგს გამოიღებს", - აცხადებს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

ცნობისათვის, პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შედეგად, სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა ექნება.