28 ოქტ 2026
პარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით მიიღო.
კანონპროექტს მხარი დაუჭირა პარლამენტის 73-მა წევრმა, წინააღმდეგ ხმა მისცა ხუთმა.
კენჭისყრამდე საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორმა, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა განმარტა, რომ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტში ცვლილება განხორციელდა.
კერძოდ, მისი თქმით, საერთაშორისო აზარტული ტურნირის განმარტებაში დაზუსტდა, რომ მონაწილეთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 80 პროცენტი უნდა იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქე.
მისივე განმარტებით, ასევე განხორციელდა რედაქციული სახის ცვლილებები.
მესამე მოსმენით მიღებული კანონპროექტის თანახმად, საერთაშორისო აზარტული ტურნირი განისაზღვრება როგორც თამაშობა, რომელსაც სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი ატარებს და სადაც მონაწილეთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 80% უცხო ქვეყნის მოქალაქეს წარმოადგენს.
დგინდება, რომ ორგანიზატორი კლუბის მაგიდას მხოლოდ საერთაშორისო ტურნირის ჩატარებისთვის თუ იყენებს და ტურნირის საპრიზო ფონდი 3 მილიონ ლარს აღემატება, ორგანიზატორი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს არ გადაიხდის.
ასევე, დგინდება შესაბამისი პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევაში – საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას 50 000 ლარის ოდენობით, ხოლო არაუფლებამოსილი პირის მიერ საერთაშორისო აზარტული ტურნირის ორგანიზება ან/და მოწყობა იწვევს მის დაჯარიმებას 150 000 ლარით.
პარლამენტმა კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილა.