ლევან მახაშვილი: კითხვის ნიშნების დასმა იმ საქმეებზე, რომლებზეც სტრასბურგის სასამართლოსაც აქვს განჩინება გამოტანილი, არის პრიმიტიული მცდელობა, ოპოზიციამ თავიდან აირიდოს სამართლებრივი პასუხები

28 ოქტ 2026

საქართველოს ხელისუფლებას თუ რაიმეს აკრძალვა, შეზღუდვა და გაქრობა უნდა, ეს არის ძალადობა და რადიკალიზაცია ქართულ პოლიტიკაში. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ იქნება პოლიტიკური დებატების სარბიელი, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს სამართლებრივი პროცესი და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისგან“ პოლიტიკური შეფასებების, პოლიტიკური ჟონგლიორობის ნაცვლად, საჭიროა სამართლებრივი პასუხები.

„მკაფიოდ გაწერილია სამართლებრივი ბრალდებები - რატომ, როგორ, რანაირად. სარჩელი გამყარებულია კონკრეტული მტკიცებულებებით, დაწყებული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებით, დასრულებული ამავე პარტიის ხელმძღვანელი პირების განცხადებებით და იმით, რაც მოაწყვეს საქართველოს პარლამენტთან დაკავშირებით 2024 წლის არჩევნებზე. ამიტომ ყველაფერი ნათელია, პოლიტიკური შეფასებები ზედმეტია. უბრალო მცდელობაა, რომ სამართლებრივი პროცესი რელსებიდან გადაიყვანონ და ისევ პოლიტიკური შეფასებების სიბრტყეში გადაიტანონ. საზოგადოება ხედავს, რომ ვცდილობთ, პოლიტიკური შეფასებები თავიდან ავიცილოთ. სამართლებრივ ბრალდებებს სამართლებრივი პასუხები სჭირდება. კითხვის ნიშნების დასმა იმ საქმეებზე, რომლებზეც ქართულ სასამართლოსაც და სტრასბურგის სასამართლოსაც არაერთხელ აქვს განჩინება გამოტანილი, არის პრიმიტიული მცდელობა, თავიდან აირიდონ სამართლებრივ ბრალდებებზე კონკრეტული სამართლებრივი პასუხები. აიკრძალებიან ეს პარტიები? ძალიანაც კარგი ქართული დემოკრატიისთვის, ძალიანაც კარგი დემოკრატიზაციის პროცესისთვის, რადგან ამ პარტიებმა თუ რამე შემოიტანეს საქართველოს პოლიტიკურ პროცესში, ეს იყო რადიკალიზაცია და დაპირისპირება. საკონსტიტუციო სასამართლოში სწორედ ამას ვდავობთ - ასეთი ვითომ პარტიების ადგილი ქართულ პოლიტიკაში, არ შეიძლება, იყოს“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა