28 ოქტ 2026
პორტუგალიაში საცხოვრებელი კრიზისისა და აქციის დროს პოლიციის მოქმედებების წინააღმდეგ მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა.
პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში, პარლამენტის შენობასთან ათასობით ადამიანი შეიკრიბა. აქცია იმ დროს გაიმართა, როდესაც პარლამენტი 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავდა.
აქციის მონაწილეები მთავრობას მოუწოდებდნენ, უარი ეთქვათ კანონპროექტზე, რომელიც გამოსახლების პროცედურების დაჩქარებას ითვალისწინებს.
საპროტესტო აქცია კვირას, ლისაბონში საცხოვრებლის უფლების დამცველთა კარვების ბანაკების დაშლას მოჰყვა. პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად სხვადასხვა საშუალებები, მათ შორის ხელკეტები გამოიყენა. პოლიციის ცნობით, მსუბუქად დაშავდა 11 ადამიანი, მათ შორის სამი სამართალდამცველი, აქტივისტები კი 60 დაშავებულზე საუბრობენ. მომხდარის შესახებ დაწყებულია გამოძიება.
პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა, ლუიშ მონტენეგრუმ განაცხადა, რომ პოლიცია მოქმედებდა აუცილებლობის, პროპორციულობისა და ადეკვატურობის პრინციპების დაცვით.