მიხეილ ყაველაშვილი: მასწავლებლობა პროფესიასთან ერთად არის მოწოდება და ზნეობრივი მისია, რომელიც ემსახურება ჩვენს ახალგაზრდებში სამშობლოსადმი სიყვარულის გაღვივებასა და ცოდნის წყურვილი აღძვრას

27 ოქტ 2026

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიურ ეპოქაში, როდესაც ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია, ახალგაზრდების სწორი ღირებულებებით აღზრდისა და ქვეყნის სტრატეგიული განვითარებისთვის მასწავლებლის როლი და პროფესიული მხარდაჭერა ეროვნული უსაფრთხოების ტოლფასია.

"დღეს ჩვენ აღვნიშნავთ მასწავლებლის ეროვნულ დღეს. სიმბოლურია, რომ ეს საზეიმო დაჯილდოება სწორედ ქუთაისში აღინიშნება, ქალაქში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა საგანმანათლებლო და სასულიერო კერას.

ასევე სიმბოლურია, რომ ზუსტად ამ დღეს, 1840 წლის 27 ოქტომბერს, დაიბადა დიდი ქართველი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე - იაკობ გოგებაშვილი. ადამიანი, რომელმაც განათლება და მშობლიური ენა ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების უმთავრეს საფუძვლად აქცია.
მასწავლებელი არის ის ადამიანი, რომელსაც ერი და სახელმწიფო ყველაზე ძვირფასს - ქვეყნის მომავალს ვანდობთ. სწორედ ამიტომ მასწავლებლის პროფესიული განვითარება, ღირსეული სამუშაო გარემო, სამართლიანი ანაზღაურება და თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსებზე ხელმისაწვდომობა არის არა უბრალოდ სოციალური პოლიტიკა, არამედ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და სტრატეგიული განვითარების აუცილებელი წინაპირობა.

მასწავლებლობა პროფესიასთან ერთად არის მოწოდება და ზნეობრივი მისია, რომელიც ემსახურება ჩვენს ახალგაზრდებში სამშობლოსადმი სიყვარულის გაღვივებასა და ცოდნის წყურვილი აღძვრას. სწორედ პედაგოგს მიუძღვის ერის წინაშე გადამწყვეტი წვლილი იმ პიროვნებების ჩამოყალიბებაში, რომლებიც ხვალ ჩვენი სახელმწიფოს ბედ-იღბალსა და წარმატებას განსაზღვრავენ.

თანამედროვე გლობალური ეპოქა ჩვენს წინაშე სრულიად ახალ და მასშტაბურ გამოწვევებს აყენებს. ტექნოლოგიური პროგრესი, ხელოვნური ინტელექტის დაჩქარებული განვითარება და უწყვეტი საინფორმაციო ნაკადები მოითხოვს, რომ განათლების სისტემამ ფეხი აუწყოს დროის მოთხოვნებს. დღევანდელ მასწავლებელს ისეთ დინამიკურ გარემოში უწევს მოღვაწეობა, სადაც ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია, მაგრამ იმას, თუ როგორ მიიღებს, გააანალიზებს და რა მორალურ კონტექსტში მოაქცევს ამ ინფორმაციას ახალგაზრდა, სწორედ პედაგოგის პროფესიონალიზმი და სიბრძნე განსაზღვრავს.

ტექნოლოგიები ცვლის სამყაროს და ახალ შესაძლებლობებს აძლევს ადამიანს, მასწავლებელი კი ასწავლის, როგორ იქნას ეს შესაძლებლობები გამოყენებული გონივრულად და სამშობლოს საკეთილდღეოდ.

იაკობ გოგებაშვილის ეპოქიდან დღემდე ერთი უკვდავი ჭეშმარიტება უცვლელი რჩება: ქვეყნის ხვალინდელი დღე დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ვასწავლით დღეს ჩვენს შვილებს, რა ღირებულებებს ვუნერგავთ მათ და როგორ ადამიანად ჩამოყალიბებაში ვეხმარებით.

სწორედ ამიტომ, როგორც არ უნდა განვითარდეს გლობალური პროცესები, ჩვენი საერთო მისიაა არა მხოლოდ ინფორმირებული, არამედ პასუხისმგებლიანი, ღირსეული და ეროვნულად მოაზროვნე ახალგაზრდების აღზრდა.

და ბოლოს, ვსარგებლობ შემთხვევით და მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატებს გილოცავთ საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაწესებული პრემიის მიღებას.

კიდევ ერთხელ გილოცავთ მასწავლებლის ეროვნულ დღეს! ღმერთმა დალოცოს საქართველო!"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.