27 ოქტ 2026
ევროკავშირის საბჭოს გაფართოების საკითხთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე უნგრეთმა კვლავ არ დაუჭირა მხარი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების მე-4 და მე-5 კლასტერებთან დაკავშირებული სკრინინგის შედეგების დამტკიცებას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უნგრეთს ამ დრომდე მხარი არ დაუჭერია უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების ფარგლებში მე-4 და მე-5 კლასტერზე მუშაობის შემდგომი ეტაპისთვის გადასვლას.
„უნგრეთის პოზიცია არ შეცვლილა“, – განაცხადა ერთ-ერთმა დიპლომატმა.
წყაროების ინფორმაციით, ევროკავშირის საბჭოს ირლანდიის თავმჯდომარეობისთვის წინასწარ ცნობილი იყო, რომ უნგრეთი არ აპირებდა პოზიციის შეცვლას უკრაინის მიერ ამ ორ კლასტერზე მოლაპარაკებების გახსნის მიმართულებით შემდგომი წინსვლის საკითხზე. ამის მიუხედავად, 27 ოქტომბერს ეს საკითხი სამუშაო ჯგუფის დღის წესრიგში კვლავ შეიტანეს.
კიდევ ერთი დიპლომატის შეფასებით, საკითხის ხელახლა განხილვაზე გატანას უფრო პოლიტიკური ხასიათი ჰქონდა და ბუდაპეშტზე ზეწოლის გაძლიერებას ემსახურებოდა, ვიდრე იმას, რომ სწორედ ამ სხდომაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების რეალური მცდელობა ყოფილიყო.
მე-4 კლასტერი – „მწვანე დღის წესრიგი და მდგრადი ურთიერთდაკავშირება“ – მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტრანსევროპული ქსელები, გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილება.
მე-5 კლასტერი – „რესურსები, სოფლის მეურნეობა და ერთიანობის პოლიტიკა“ – მოიცავს სოფლის მეურნეობას, თევზაობას, რეგიონულ პოლიტიკასა და საბიუჯეტო საკითხებს.
ეს არის მოლაპარაკებების ბოლო ორი კლასტერი, რომლებიც უკრაინისთვის ჯერ კიდევ არ გახსნილა. უკრაინის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ მათი გახსნა 2026 წლის ბოლომდე მოხერხდება.