მარიამ ლაშხი: მინდა მადლობა ვუთხრა საქართველოს 66 ათასზე მეტ მასწავლებელს - თქვენ ხართ აკადემიური ცოდნის მატარებლები, პროფესიონალები, რომლებიც ბავშვის წარმატებას საკუთარ წარმატებად განიცდით

27 ოქტ 2026

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა მასწავლებლებს ეროვნული დღე მიულოცა და პროფესიული წარმატებები უსურვა.

„27 ოქტომბერს,  მასწავლებლის ეროვნულ დღეს აღვნიშნავთ, რომელიც განსაკუთრებული პატივისცემით გვახსენებს მასწავლებლის მისიას, მის პროფესიულ პასუხისმგებლობასა და იმ ფასდაუდებელ წვლილს, რომელიც მას საქართველოს მომავლის ფორმირებაში შეაქვს.
ეს დღე შემთხვევით არ არის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს დაწესებული. გოგებაშვილმა „დედაენით“ თაობებს მხოლოდ წერა-კითხვა არ ასწავლა, არამედ განათლების, ეროვნული თვითშეგნების, სამშობლოს სიყვარულისა და პიროვნული ღირსების შეგრძნება ჩაუნერგა. სწორედ ეს არის მასწავლებლის უდიდესი მისია: ცოდნასთან ერთად ადამიანს პიროვნულ ჩამოყალიბებაში დაეხმაროს.

დღეს აფხაზური ენის დღეც არის და აფხაზ ძმებსა და დებს ამ დღეს ვულოცავ. ჩვენთვის ძვირფასია აფხაზური ენა, რომელიც ჩვენი საერთო კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია. მადლობას ვუხდი აფხაზეთის საჯარო სკოლების მასწავლებლებს, რომლებიც ურთულეს პირობებში ინარჩუნებენ განათლების კერებს. მჯერა, რომ დადგება დღე, როცა ქართველი და აფხაზი ბავშვები კვლავ ერთად ისწავლიან.

მინდა მადლობა ვუთხრა საქართველოს 66 ათასზე მეტ მასწავლებელს, თბილისის სკოლებიდან დაწყებული მთის სოფლების პატარა სკოლებით დამთავრებული. თქვენ ხართ აკადემიური ცოდნის მატარებლები, პროფესიონალები, რომლებიც ყოველდღე საკუთარ თავზე მუშაობენ და ადამიანები, რომლებიც ბავშვის წარმატებას საკუთარ წარმატებად განიცდიან. მე მასწავლებლების ოჯახიდან ვარ, ამიტომ კარგად ვიცი, რომ მასწავლებლის სამუშაო დღე ზარის დარეკვით არ მთავრდება“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, მასწავლებელი მოსწავლეს  აზროვნების, მსჯელობის, პასუხისმგებლობისა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების უნარებს აძლევს.

„გილოცავთ მასწავლებლის ეროვნულ დღეს! გისურვებთ ჯანმრთელობას, პროფესიულ წარმატებას, ღირსეულ სამუშაო პირობებსა და იმ განსაკუთრებული სიხარულის განცდას, რომელსაც მოსწავლის წარმატება და მისი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა განიჭებთ.
მე, როგორც საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ უდიდეს პატივისცემას თითოეულს, ჩვენი გუნდის სახელით გპირდებით, რომ კიდევ უფრო მეტად დავაფასებთ თქვენს შრომას, გავაძლიერებთ მასწავლებლის პროფესიას და ერთად შევქმნით განვითარებული, ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველოს ღირსეულ მომავალს!“ - განაცხადა მარიამ ლაშხმა.