მარიამ ქვრივიშვილი – ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს არა მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა, არამედ რეგიონული ეკონომიკური და ფინანსური კავშირების მნიშვნელოვანი ცენტრი

27 ოქტ 2026

ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს არა მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა, არამედ რეგიონული ეკონომიკური და ფინანსური კავშირების მნიშვნელოვანი ცენტრი, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა „თბილისის ფინანსური სამიტის“ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდა, სატრანსპორტო, ლოგისტიკური და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარება და საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა.

„უკვე მეორე წელია, საქართველო მასპინძლობს თბილისის ფინანსურ სამიტს, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, ცენტრალური ბანკების, ტექნოლოგიური კომპანიებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს. წლევანდელი სამიტის მთავარი თემა – რეგიონული ეკონომიკური დერეფნების განვითარება პოლიტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების ურთიერთკავშირის საფუძველზე, განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოსთვის“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ამასთან, მარიამ ქვრივიშვილმა აქცენტი გააკეთა მიმდინარე, სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, ისევე როგორც ახალი საერთაშორისო აეროპორტის – ვაზიანის პროექტზე.

„საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ჩვენი მნიშვნელოვანი უპირატესობაა, თუმცა მხოლოდ გეოგრაფია წარმატებას ვერ უზრუნველყოფს. თანამედროვე ეკონომიკური დერეფნის კონკურენტუნარიანობას განსაზღვრავს არა მხოლოდ ის, თუ რამდენად სწრაფად გადაადგილდება ტვირთი ერთი ქვეყნიდან მეორეში, არამედ ისიც, თუ რამდენად სწრაფად და უსაფრთხოდ მოძრაობს კაპიტალი, ხორციელდება გადახდები და ვითარდება სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობები მეზობლებსა და რეგიონის ქვეყნებს შორის“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

„თბილისის ფინანსური სამიტი“ წარმომადგენლობითი ფორუმია, რომელშიც 60-მდე ქვეყნის 800-ზე მეტი წარმომადგენელი და 100-მდე მაღალი რანგის სპიკერი მონაწილეობს – როგორც სახელმწიფო, ისე ბიზნეს სექტორიდან. სამიტზე წელს განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა – რეგიონული ფინანსური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერება, ხელოვნური ინტელექტი, ფინანსური სისტემების კიბერუსაფრთხოება და სხვა.