26 ოქტ 2026
მიხეილ სააკაშვილი, ლიზა იასკოს სასამართლო სარჩელს, რომელიც მათ საერთო ქალიშვილს ეხება, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"ლიზა იასკოს სასამართლო სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს საერთო ქალიშვილ ჟასმინს ეხება.
მე დიდ პატივს ვცემ ლიზას, რომელიც, როგორც უკრაინის პარლამენტის დეპუტატი, მამაცურად შრომობს თავისი ქვეყნისთვის და ჩვენს მშვენიერ ქალიშვილ ჟასმინს უკიდურესად რთულ პირობებში, მუდმივი დაბომბვების ფონზე ზრდის.
მიუხედავად იმისა, რომ ჟასმინი ჩემი პოლიტიკური პატიმრობის შემდეგ დაიბადა, მე ის ძალიან მიყვარს და გულწრფელად ვზრუნავ მის კეთილდღეობაზე. სამწუხაროდ, ახლა არ მაქვს შესაძლებლობა, ვნახო ჩემი ქალიშვილი.
ამიტომ, დედაჩემი, გიული, რამდენჯერმე ესტუმრა მას კიევსა და ევროპის სხვა ქალაქებში. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის ჟასმინს ყოველთვიურად ფინანსურად ეხმარებოდა და ამას დღემდე აგრძელებს.
გარდა ამისა, დედაჩემმა საქართველოში ოჯახის ქონების ნაწილი გაყიდა და 2022 წელს ჟასმინს კიევის ცენტრში ბინა აჩუქა.
რა თქმა უნდა, მე და ჩემი ოჯახი სრულად ვართ პასუხისმგებელნი ჟასმინზე და ყოველთვის ვიზრუნებთ მასზე.
იმედი მაქვს, მალე გავთავისუფლდები, რათა პირადად შევძლო ჩემს ქალიშვილთან ყოფნა და მისთვის მშობლის სიყვარული და მზრუნველობა გავუზიარო,"- წერს სააკაშვილი.
ცნობისთვის, უკრაინის პარლამენტის წევრი ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილთან, რომელთანაც საერთო ქალიშვილი, ჟასმინი ჰყავს - სამართლებრივ დავაშია.
გამოცემის ინფორმაციით, 2026 წლის აპრილიდან იგი სასამართლოს მეშვეობით სააკაშვილისთვის ალიმენტის გადახდის დაკისრებასა და მისთვის მშობლის უფლებების ჩამორთმევას ითხოვს. ადვოკატის განცხადებით, ალიმენტის გადახდის საკითხი ბევრად უფრო ადვილად გადასაჭრელია, ვიდრე მშობლის უფლებების ჩამორთმევა.