ომბუდსმენის აპარატი – სახალხო დამცველი მიესალმება პროკურატურის გადაწყვეტილებას დავით ფეიქრიშვილის მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების პროკურატურისთვის დაქვემდებარებაზე

26 ოქტ 2026

სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილებას, ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მიმდინარე გამოძიების პროკურატურისთვის დაქვემდებარების შესახებ. ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„აღნიშნულის თაობაზე 2026 წლის 26 ოქტომბერს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გახდა ცნობილი. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა ჯერ კიდევ 2026 წლის 22 ოქტომბერს საჯაროდ მიმართა საქართველოს პროკურატურას, რათა საქმის გამოძიება პროკურატურის ორგანოებისთვის დაექვემდებარებინა, გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპის დაცვის მიზნებისთვის.

გარდა ამისა, 2026 წლის 22 და 23 ოქტომბერს სახალხო დამცველის აპარატმა წერილობითაც მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და მიაწოდა ძმების - დავით და გიორგი ფეიქრიშვილებთან გასაუბრებისას შედგენილი დეტალური ოქმები, სადაც ისინი დავით ფეიქრიშვილის მიმართ, N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარ სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებით საუბრობდნენ და პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების ჩართულობაზე მიუთითებდნენ.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს გამოძიების შემჭიდროებულ ვადებში ჩატარების და მისი მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ საზოგადოების ინფორმირების აუცილებლობას“, - ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციაში.