მაკა ბოჭორიშვილი: წლების განმავლობაში საქართველო აქტიურად უჭერდა მხარს დაკავშირებადობის გაძლიერებას და მსჯელობდა, როგორ შეიძლება, შავი ზღვა ვაქციოთ უფრო დამაკავშირებელ სივრცედ და არა გამყოფ ზღვად

26 ოქტ 2026

წლების განმავლობაში საქართველო აქტიურად უჭერდა მხარს დაკავშირებადობის გაძლიერებას და მსჯელობდა, როგორ შეიძლება, შავი ზღვა უფრო დამაკავშირებელ სივრცედ ვაქციოთ და არა – გამყოფ ზღვად. ერთ მხარეს ევროკავშირია, მეორე მხარე კი განსხვავებულია - ჩვენ ევროკავშირის წევრები არ ვართ, ხოლო საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბულგარეთში, პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, რომელიც დაკავშირებადობას ეხება.

ბოჭორიშვილის თქმით, დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს სტრატეგია სწორედ ისეთი გარემოს შექმნას ემსახურებოდა, რომელიც შავ ზღვას უფრო დამაკავშირებელ სივრცედ აქცევდა.

მინისტრის განმარტებით, საუბარია საქართველოს მხრიდან ევროკავშირთან დაკავშირებაზე.

„საქართველოს პერსპექტივიდან რომ შევხედოთ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში დიდი ძალისხმევა გავწიეთ, რათა საქართველო ევროკავშირთან უფრო დაგვეახლოებინა, ჩვენი სტანდარტები ევროპულ სტანდარტებთან მიგვეახლოებინა, მათი ჰარმონიზაცია მოგვეხდინა და ჩვენი კანონმდებლობა ევროპულ კანონმდებლობასთან უფრო მეტად შეგვეთანხმებინა. გავაძლიერეთ პარტნიორობა ყაზახეთთან და უზბეკეთთან, რაც სტრატეგიული დონის ურთიერთობებში აისახა. ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანთან კი ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორობა და შესანიშნავი ურთიერთობები გვაკავშირებს.

სწორედ ასე ვქმნით დაკავშირებადობის ამ ხაზს და აი, დღეს აქ, სოფიაში, ამ თემაზე ვსაუბრობთ. დაკავშირებადობა მნიშვნელოვანია ევროპისთვის, მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიისთვის, მნიშვნელოვანია აზიისთვის და ასევე მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოსთვის.

თუმცა ფიზიკური მარშრუტებისა და კავშირების შექმნას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ბულგარეთთან, რუმინეთთან და თურქეთთან ერთად საქართველოსაც მნიშვნელოვანი სამუშაო აქვს შესასრულებელი ამ ფიზიკური კავშირების შესაქმნელად.

ჩვენი მხრივ, ბულგარეთთან დაკავშირებადობის მიმართულებით შესანიშნავი თანამშრომლობა განვავითარეთ და საკუთარ ვალდებულებებსაც ვასრულებთ - ვავითარებთ საპორტო ინფრასტრუქტურას. ამჟამად საქართველოში ორი მოქმედი პორტი გვაქვს: ბათუმის საზღვაო პორტი და ფოთის საზღვაო პორტი. თუმცა, სრულიად განსხვავებულ პროექტზეც ვფიქრობთ - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შავი ზღვის შესაძლებლობებს კიდევ უფრო გაზრდის და ხელს შეუწყობს ამ დიდი რეგიონების ერთმანეთთან დაკავშირებას. ამასთანავე, ვავითარებთ საგზაო ინფრასტრუქტურასა და სარკინიგზო ქსელს. მოკლედ რომ ვთქვა, ჩვენი მიზანია ისეთი ფიზიკური კავშირების შექმნა, რომლებიც მთლიანობაში შავი ზღვის დაკავშირებადობის პოტენციალს გაზრდის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.