26 ოქტ 2026
ოპოზიციის ალიანსმა საპროტესტო აქცია-მსვლელობა გამართა დედაქალაქში. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მოქალაქეები თავდაპირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბნენ, შემდეგ კი რუსთაველის მეტროს მიმართულებით მსვლელობა გამართეს.
სიტყვით გამოსვლების დროს ყურადღება გამახვილდა 28 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე. ოპოზიციის ალიანსის აქციას მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ.
"ქართული ოცნების" წევრების შეფასებით, ქართული ოპოზიცია, რადიკალები, პოლიტიკური ველიდან წაშლილები არიან და მათი მხარდამჭერების რაოდენობა შემცირებულია.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიცია სახედაკარგული და ურეიტინგოა.
„არადა, საპირისპიროს ვხედავდით, მათი მიზანი იყო, ბევრნი ყოფილიყვნენ და „ქართული ოცნებისთვის“ ძალა ეჩვენებინათ. ეს არის სახედაკარგული და ურეიტინგო ოპოზიციის მონაპოვარი. რასაც თესავენ, რა პოლიტიკასაც ატარებენ, იმის შედეგია, რაც ვნახეთ. ქართული ოპოზიცია, რადიკალები, პოლიტიკური ველიდან წასული არიან, პულსიც არ ესინჯებათ, ხავსს არიან მოჭიდებულები. ხალხნო, მთელი საზოგადოების მობილიზებას აკეთებდნენ და ვინ გამოიყვანეს, ილაპარაკეთ? მათ რეიტინგი არ აქვთ, ხალხი პატივს არ სცემს და აქციაზე პარტიული აქტივი ჰყავდათ გამოყვანილი. რაც შეეხება სააკაშვილს და „ნაცმოძრაობას“, არა მხოლოდ გაერთიანებული ოპოზიციის პრობლემა არიან, არამედ ქვეყნის და ჩვენი პოლიტიკური სპექტრის. ვიდრე ეს ადამიანები გაერთიანებული ოპოზიციის სათავეში იქნებიან, მანამდე რეგრესისკენ იქნება მიმართული მათი ყველა ქმედება“, - განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.