თენგიზ შარმანაშვილი - ჩვენი მტკიცებულებების ძირითადი ნაწილი ემყარება საგამოძიებო კომისიის მასალებს

26 ოქტ 2026

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საქმიანობის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა დღეს 14 საათზე განახლდება. დღეიდან საქმის არსებითი განხილვის ეტაპი იწყება.

მოსარჩელე მხარემ შვიდი მოსამართლისგან შემდგარ პლენუმს დეტალურად უნდა წარუდგინოს მტკიცებულებები იმის შესახებ, თუ რატომ მოითხოვს ხუთი ოპოზიციური პარტიის საქმიანობის აკრძალვას.

სარჩელის ავტორების მოთხოვნის ძირითადი არგუმენტებია: სისტემური დანაშაულები, კონსტიტუციური წყობილების არაღიარება და სახელმწიფო ინტერესების დაზიანება.

ამ დრომდე საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა, განაცხადა, რომ მტკიცებულებების ძირითადი ნაწილი საგამოძიებო კომისიის მასალებს ეყრდნობა.

„ჩვენი მტკიცებულებების ძირითადი ნაწილი ემყარება საგამოძიებო კომისიის მასალებს. ასევე, სარჩელში უფრო ფართოდ არის წარმოდგენილი ის მტკიცებულებები, რომლებიც ამ პარტიებს ერთმანეთთან აკავშირებს, ერთმანეთის ქმედებებზე პასუხისმგებელს ხდის. მომხსენებელი მოსამართლის შემდეგ გამოვა ჩვენი მომხსენებელი და ფართოდ წარუდგენს სასამართლოს ამ მტკიცებულებებს“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, სასამართლო პროცესები პარასკევის ჩათვლით გაგრძელდება. საბოლოო გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი საქმის წარმოებაში მიღებიდან ცხრა თვის ვადაში გამოაცხადებს.