25 ოქტ 2026
თავდაცვის სამინისტროს პროექტი - "ჩვენი ჯარის" ფარგლებში, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები ქალაქ თელავის N1 საჯარო სკოლას ესტუმრნენ და უფროსკლასელებთან საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ გაცნობითი შეხვედრა გამართეს.
სამხედრო მოსამსახურეები მოსწავლეებს თავდაცვის ძალების შექმნის ისტორიასა და სტრუქტურაზე, მის დანიშნულებასა და მიზნებზე, სამხედრო წოდებებსა და საერთაშორისო მისიებზე ესაუბრნენ. მოსწავლეებს გააცნეს ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სასწავლო პროგრამები, ჩარიცხვის პირობები და სამხედრო კარიერული განვითარების შესაძლებლობები.
ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა უფროსკლასელებს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და ტერიტორიული რეზერვის შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პროექტი - "ჩვენი ჯარი" რამდენიმე წელია თავდაცვის სამინისტროს და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლობით წარმატებით ხორციელდება და საქართველოს ახალგაზრდებში ჯარის პოპულარიზაციასა და ინსტიტუციის მიმართ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.