24 ოქტ 2026
ბათუმის სპორტის სასახლე მხატვრულ ტანვარჯიშში საერთაშორისო ტურნირს - "IRINA CUP-ს" მასპინძლობს. ტურნირი წარსულში ცნობილი ბათუმელი ტანმოვარჯიშის და მწვრთნელის ირინა ლორთქიფანიძის სახელს ატარებს.
ირინა ლორთქიფანიძე ორი ათეული წელია პოლონეთში მოღვაწეობდა და იქაურ ნაკრებს ავარჯიშებდა, მანამდე კი საქართველოს ნაკრების მწვრთნელი იყო. მას არაერთი ცნობილი ტანმოვარჯიშე ჰყავს აღზრდილი როგორც საქართველოში, ასევე პოლონეთში.
"IRINA CUP" 18 წლის მანძილზე პოლონეთში ტარდებოდა. თუმცა ორგანიზატორებმა მისი ჩატარება წელს ბათუმში გადაწყვიტეს და როგორც თავად აცხადებენ, ტურნირი ტრადიციული გახდება და ის ყოველ წელს ბათუმში გაიმართება.
შეჯიბრებაში 14 ქვეყნის 200-ზე მეტი ტანმოვარჯიშე მონაწილეობს.