24 ოქტ 2026
უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პარლამენტის წევრმა, ლიზა იასკომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ალიმენტის გადახდისა და მშობლის უფლებების ჩამორთმევის მოთხოვნით სარჩელი შეიტანა.
იასკო 2026 წლის აპრილიდან სასამართლოს მეშვეობით სააკაშვილისთვის ალიმენტის გადახდის დაკისრებასა და მისთვის მშობლის უფლებების ჩამორთმევას ითხოვს. ადვოკატის განცხადებით, ალიმენტის დაკისრების საკითხის მოგვარება ბევრად მარტივი იქნება, ვიდრე მშობლის უფლებების ჩამორთმევა.
იასკომ ქალიშვილის დაბადების შესახებ 2023 წლის 1 ივნისს გამოაცხადა. გოგონას მამა მიხეილ სააკაშვილია.
2021–2022 წლების ქონებრივ დეკლარაციებში დეპუტატმა მიუთითა სააკაშვილი, როგორც პირი, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა, თუმცა ისინი ოფიციალურად დაქორწინებულები არ იყვნენ. 2023 წლიდან სააკაშვილი მის დეკლარაციებში აღარ ფიგურირებს, თუმცა ინფორმაცია მათი ქალიშვილის - ჟასმინ მიხეილოვნას შესახებ შენარჩუნდა.
კანონმდებლობით, ორივე მშობელი ვალდებულია არჩინოს შვილი სრულწლოვანებამდე, მიუხედავად იმისა, იმყოფებიან თუ არა ქორწინებაში.
მოსარჩელე მხარე სააკაშვილის შემოსავლის მესამედს ითხოვს. იურისტის თქმით, სასამართლო ალიმენტს ნებისმიერ შემთხვევაში დააკისრებს, თუმცა ოდენობა შეიძლება შემცირდეს, თუ მოპასუხე მხარე მძიმე ფინანსურ მდგომარეობას, ჯანმრთელობის პრობლემებს ან სხვა კმაყოფაზე მყოფ პირებს დაამტკიცებს.
რაც შეეხება მშობლის უფლებების ჩამორთმევას, ბუზანოვის თქმით, ეს უკიდურესი ზომაა და მხოლოდ ცალკე ცხოვრება ან ალიმენტის გადაუხდელობა საკმარისი საფუძველი არ არის.
სასამართლომ უნდა დაადგინოს, არიდებს თუ არა მამა მოვალეობებს განზრახ და უმიზეზოდ თავს. თუ იასკო ვერ წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებებს, რომ სააკაშვილს წლების განმავლობაში არანაირი კონტაქტი და ინტერესი არ ჰქონია შვილთან, ამ ნაწილში მოთხოვნა, სავარაუდოდ, არ დაკმაყოფილდება.