24 ოქტ 2026
დიდგორის მემორიალთან, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირველკურსელმა იუნკრებმა სამხედრო ფიცი დადეს. მათ საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დაასრულეს.
ფიცის დადების ცერემონიალზე შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი, იუნკრებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. წარჩინებული კურსდამთავრებულები და ინსტრუქტორები საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ.
იუნკრებმა გაიარეს ხუთკვირიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი, რაც თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა.
კურსის განმავლობაში მომავალი ოფიცრები სამხედრო მოსამსახურის უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ.