საქართველოს პარლამენტის წევრი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, აკადემიკოსი გიორგი სოსიაშვილი აზიის მეცნიერებათა აკადემიის სრულუფლებიანი წევრი (აკადემიკოსი) გახდა

24 ოქტ 2026

საქართველოს პარლამენტის წევრი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, აკადემიკოსი გიორგი სოსიაშვილი აზიის მეცნიერებათა აკადემიის სრულუფლებიანი წევრი (აკადემიკოსი) გახდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით მას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ სანიაში, აკადემიკოსის დიპლომი და მედალი, ასევე მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა.

დაჯილდოების ცერემონია გაიმართა აზიის მეცნიერებათა აკადემიის გენერალური ასამბლეისა და აზიის პირველი მაღალი დონის სამეცნიერო ფორუმის - „სარტყელი და გზა - მომავლის სამეცნიერო და ტექნოლოგიური ფორმირება“ - ფარგლებში.

აზიის მეცნიერებათა აკადემია, რომლის სათაო ოფისი ჰონგ-კონგში მდებარეობს, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებს. მის საქმიანობაში ჩართული არიან ჩინეთის, ინდოეთის, პაკისტანის, იაპონიის, სამხრეთ კორეის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, საფრანგეთის, პოლონეთის, საბერძნეთის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და კანადის წარმომადგენლები.

გიორგი სოსიაშვილი აზიის მეცნიერებათა აკადემიის გენერალურ ასამბლეას საგანგებო მიწვევით ესწრებოდა. მისი აკადემიკოსად არჩევა და საერთაშორისო სამეცნიერო აღიარება მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებისთვის და ხელს უწყობს ქვეყნის აკადემიური წრეების საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციას.
გიორგი სოსიაშვილთან ერთად აზიის მეცნიერებათა აკადემიის გენერალურ ასამბლეასა და საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობა მიიღეს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა და რექტორის მოადგილემ, ზურაბ ზურაბაშვილმა.

აღნიშნული საერთაშორისო ღონისძიება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო სამეცნიერო და საგანმანათლებლო კავშირების გაღრმავების, საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაფართოებისა და საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენის თვალსაზრისით.