23 ოქტ 2026
შუამდგომლობები, ურთიერთბრალდებები და სასამართლოს მიერ უარყოფილი მოთხოვნები - ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საქმეზე მესამე დღის სხდომაც დასრულდა. დღეს პროცესის გადადებას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ითხოვდა. წარმომადგენლის განმარტებით, რადგან პარტია სარჩელში მოგვიანებით ჩართეს, მას საქმის მოსამზადებლად და წერილობითი შესაგებლის წარსადგენად საკმარისი დრო არ მიეცათ. მოსარჩელე მხარე შუამდგომლობას არ დაეთანხმა. პარლამენტის წარმომადგენლების განცხადებით, სარჩელი საჯაროდ ხელმისაწვდომია და პარტიას საკუთარი პოზიციის მოსამზადებლად საკმარისი დრო ჰქონდა. შუამდგომლობის პოზიცია არც სასამართლოს პლენუმმა გაიზიარა.
"გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენელმა სარჩელში მოყვანილი ფაქტებიც გააპროტესტა და მიუთითა, რომ მათი ნაწილი იმ პერიოდს ეხებოდა, როცა გიორგი გახარია ჯერ კიდევ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში იყო და პარტია ჯერ არ არსებობდა. პარტიის წარმომადგენელმა დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა და იმდროინდელი თანამდებობის პირების დაკითხვასაც მოითხოვა. მოსარჩელე მხარის განცხადებით, კი საკითხები სისხლის სამართლის საქმეებს შეიცავს, რისი განხილვაც საკონსტიტუციო სასამართლოში არასამართლებრივია. პლენუმმა შუამდგომლობის გამოცხადება ორშაბათისთვის დააანონსა.
სასამართლო სხდომა დღეს შუამდგომლობების განხილვის ეტაპზე დასრულდა. სასამართლოს გადაწყვეტილებებს ოპოზიციის წარმომადგენლები სხდომის დასრულების შემდეგაც გამოეხმაურნენ. მოპასუხე მხარის შეფასებით, ხუთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვას სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.
სხდომის დასრულების შემდეგ, პროცესი მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებმაც შეაფასეს. მათი განცხადებით, ხუთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის მოთხოვნა სარჩელში წარმოდგენილ არგუმენტებსა და მტკიცებულებებს ეფუძნება. პარლამენტის წარმომადგენლები მოპასუხე მხარის შუამდგომლობებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ საქმეზე საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად საჭირო მასალები უკვე წარდგენილია.
სასამართლო სხდომა დღეს შუამდგომლობების განხილვის ეტაპზე დასრულდა. ხუთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საქმეზე მსჯელობა ორშაბათს გაგრძელდება. წინ საქმის არსებითი განხილვისა და კითხვა-პასუხის ეტაპებია.