23 ოქტ 2026
ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესზე საერთაშორისო გამოხმაურებას მმართველი გუნდი პასუხობს.
„ქართული ოცნება“ საერთაშორისო გზავნილებს გარე ჩარევასა და საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლის მცდელობას უწოდებს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, რომელსაც ეროვნული თავმოყვარეობა გააჩნია.
„ეს გამოხმაურება რომ იყოს, ან მოწოდება იყოს, რომ ჩვენ დარწმუნებულნი ვართ და იმედს გამოვთქვამთ, რომ სამართლიანი სასამართლო პროცესი ჩატარდება, ეს ნორმალური და ასატანი იქნებოდა, მაგრამ ისინი რას გვეუბნებიან? არ გამოვიყენოთ ჩვენი კონსტიტუციური უფლება და არ შევიტანოთ სარჩელი, ან შეტანილი სარჩელი გამოვიტანოთ. ანუ თვითონ გვიწყვეტენ, როგორ მოვიქცეთ, ჩვენი კონსტიტუცია რა შემთხვევაში გამოვიყენოთ და რა შემთხვევაში არ გამოვიყენოთ. ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო, ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობა და ჩვენ კონსტიტუციურ დანაწესებს გამოვიყენებთ ჩვენი სუვერენული უფლებების გამოყენებით და ვერავინ ამ საქმეში ვერ ჩაერევა“, — განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
მიმდინარე საკონსტიტუციო პროცესს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი და „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ გამოეხმაურნენ და „ქართული ოცნებისგან“ სარჩელის უკან გაწვევა მოითხოვეს.
რაც შეეხება ALDE-ს, მათი თქმით, ევროკავშირმა ამ პროცესს პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს.