23 ოქტ 2026
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში ამ წუთებში დაიწყება. საქმე, რომლის სასამართლო განხილვებიც სამ დღეში უნდა დასრულებულიყო, მომავალ კვირაშიც გაგრძელდება.
ორი დღის განმავლობაში პროცესი ოპოზიციის შუამდგომლობების განხილვას დაეთმო, რომლებიც მოსამართლეთა პლენუმმა არ დააკმაყოფილა.
„ორი დღის განმავლობაში კოლექტიური ნაცმოძრაობა გვანახებს თავის სახეს, რომ მათ არ აქვთ არავითარი სამართლებრივი არგუმენტი, თუ რატომ არ არიან ისინი არაკონსტიტუციურები და, მათ შორის, არც პოლიტიკური არგუმენტები აქვთ. მიუხედავად ამისა, ცდილობენ, მთელი ორი დღის განმავლობაში სამართლებრივი პროცესი როგორმე პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანონ. ერთადერთი, რაზეც საუბრობენ, არის ის, თუ რატომ ვასამართლებთ ხუთივე პარტიას ერთად. აქ ხომ პასუხი ძალიან მარტივია: ისინი თავიანთი ჩამოყალიბებიდან სულ ერთად არიან, იდეოლოგიური ერთობა აქვთ, თავიანთ ქმედებებშიც კი ერთნი არიან. მაგალითად, კონსტიტუციური წყობილების დამხობის მოწოდებებში ერთნი არიან, ერთნი არიან დელეგიტიმაციის მცდელობებში, არჩევნების არაღიარებასა და ბოიკოტში, მათ შორის, გახარიელებიც კი“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.