აჭარის ფინანსთა მინისტრი: დღეს განხორციელდა საბიუჯეტო ცვლილებები, რომელიც თავისი მასშტაბებით ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებებს შეიცავდა

22 ოქტ 2026

აჭარის 2026 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ, "მთავარის" კითხვებს აჭარის ფინანსთა მინისტრმა ედნარ ნატარიძემ უპასუხა.

როგორც ედნარ ნატარიძემ აღნიშნა, საბიუჯეტო ცვლილებები თავისი მასშტაბებით ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებებს შეიცავს.

"დღეს საბიუჯეტო ცვლილებები განხორციელდა, რომელიც თავისი მასშტაბებით ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებებს შეიცავდა. კერძოდ, ცვლილებები შეეხო ჯანდაცვასა და სოციალურ მიმართულებებს, რომლის დაფინანსების მოცულობა 10 მილიონი ლარით გაიზარდა. 

ზოგადად მუნიციპალურ, ასე ვთქვათ, რესპუბლიკურ ბიუჯეტში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რესურსები ოპტიმალურად იქნეს გადანაწილებული, დარგობრივად ყველა მიმართულებას გადავწვდეთ და შესაბამისად, ამ კუთხითაც მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსებია გამოყოფილი. 

მაგალითად, სპორტის მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. გამოვყოფ ბათუმის ტერიტორიაზე ყინულის მოედნისა და საცურაო აუზის სამუშაოების დასრულების ეტაპს,  დღეის მოცემულობით, სამუშაოები პრაქტიკულად დასრულებულია და ექსპლუატაციის, მიღების ფაზაზეა. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს ცენტრალურ ხელისუფლებასთან მოლაპარაკება ქობულეთის ტერიტორიაზე მასშტაბური სპორტული კომპლექსის მშენებლობების, რომელიც დეტალური კვლევის ეტაპზეა. ასევე მიმდინარეობს ხელვაჩაურისა და ქედის  ტერიტორიაზე სპორტული ცენტრების მშენებლობების თემაზე მოლაპარაკება. ეს ცენტრალური ბიუჯეტით დაფინანსდება. ასევე გვაქვს სხვადასხვა პროექტი, მაგალითად მშენებლობის ფაზაშია ხულოში მდებარე სპორტკომპლექსი, რომლის მშენებლობაც მიმდინარე პროცესშია. ასევე დაგეგმილია სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სპორტული მოედნების, ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა, რომლებზეც ჯამში დაახლოებით 18-20 მილიონამდე არის გათვალისწინებული მიმდინარე წლის ბიუჯეტში და ასევე თითოეულ მუნიციპალიტეტში გარდა რესპუბლიკური ბიუჯეტისა კონკრეტულად განსაზღვრულია სპორტული და ინფრასტრუქტურული სამუშაოები,"- განაცხადა ედნარ ნატარიძემ. 

აჭარის ფინანსთა მინისტრმა ასევე წყალმომარაგების სისტემების განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა: 

"დასაწყისისთვის ვიტყვი, რომ ეს პროექტი ხორციელდება როგორც რესპუბლიკური ბიუჯეტის მხარდაჭერით, ასევე გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკისგან აღებული სესხის ფარგლებში, ჯამში 120 მილიონ ევროზე მეტია ამ პროექტის ღირებულება.

მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი მოიცავს აჭარის რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტში დაბებსა და 40 სოფელს, რომლის ფარგლებშიც დღეის მდგომარეობით კონტრაქტები გაფორმებულია. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების დასრულება გათვალისწინებულია 2028 წლის ბოლოსთვის.

მნიშვნელოვანია ის, რომ სამუშაოების გარკვეული ნაწილი აქტიურად 2027 წლის ბოლო კვარტალში დაიწყება. მანამდე, საკმაოდ რთული იქნება წინასწარ პროგნოზის განსაზღვრა,"- განაცხადა  ედნარ ნატარიძემ.