22 ოქტ 2026
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უკან გაიწვიოს სარჩელი. გუდრუნ კუგლერის თქმით, "პოლიტიკური პარტიების აკრძალვა განსაკუთრებული ზომაა, რომელიც უმაღლეს დემოკრატიულ და სამართლებრივ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს".
თავის მხრივ განცხადებას პასუხობენ უმრავლესობის წევრები და მიაჩნიათ, რომ ეს არის უხეში და პირდაპირი ჩარევა საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაში.
"ეს არის მორიგი გამოვლინება უხეში ჩარევის მცდელობისა ქვეყანაში მიმდინარე მართლმსაჯულების პროცესში. ამ შემთხვევაში მათ, როგორც ჩანს, სამიზნეში ამოიღეს უკვე საკონსტიტუციო მართლმსაჯულება, რაც თავისთავად არის შემაშფოთებელი. ჩვენ გვახსოვს ის, თუ კონკრეტული სახელმწიფოების დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები როგორ სხდებოდნენ სასამართლო დარბაზებში, როდესაც ესა თუ ის რეზონანსული საქმე განიხილებოდა - მაშინ, როდესაც ელემენტარულად მათ არ ესმოდათ საქმის წარმოების ენაც კი და გასაგებია, რასაც ითვალისწინებდა მათი ეს ქმედება და რა მიზანიც ამოძრავებდათ მათ'' - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.