22 ოქტ 2026
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ჩემპიონმა, „ბათუმმა“ ფიბა-ევროპის თასზე მესამე შეხვედრა გამართა. ზღვისპირელები ამჯერად ბერძნულ „პრომითეასს“ დაუპირისპირდნენ და 76:91 დამარცხდნენ.
ქართულმა გუნდმა შეხვედრა კარგად დაიწყო, პირველი მეოთხედი 30:23 მოიგო, თუმცა ბერძნებმა მეორე მეოთხედშივე გადაასწრეს და დიდ შესვენებაზე ექვსქულიანი უპირატესობით გავიდნენ. მეორე ტაიმში მასპინძლებს უპირატესობა ხელიდან არ გაუშვიათ.
17 ქულით „ბათუმის“ ბომბარდირი გიორგი ოჩხიკიძე გახდა. 15 ქულა ჰქონდა კარლოს ბაშამს, 13 – ლარი ჰოუელს. ბათუმელები ფიბა-ევროპის თასზე მორიგ მატჩს კოსოვოს „ტრეპჩასთან“ თბილისში 28 ოქტომბერს გამართავენ.