თინათინ ბერძენიშვილი Prix Europa-ს მმართველი კომიტეტის წევრი გახდა

21 ოქტ 2026

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი Prix Europa-ს მმართველი კომიტეტის წევრი გახდა.

Prix Europa-ს მმართველი კომიტეტი აერთიანებს ევროპის საზოგადოებრივი მაუწყებლებისა და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს: გაერთიანებული სამეფო (BBC), დანია (DR), გერმანია (Deutschlandradio, rbb, ZDF), საფრანგეთი (France Télévisions, Radio France, ARTE), ლიეტუვა (LRT), ნიდერლანდები (NTR/NPO), ნორვეგია (NRK), ავსტრია (ORF), ბულგარეთი (BNR), ჩეხეთი (Czech Television — Dormant Membership), ბელგია (RTBF, VRT), ირლანდია (RTÉ), შვეიცარია (SRG SSR), შვედეთი (SR, SVT, UR), პოლონეთი (TVP), ფინეთი (Yle) და ევროპის მაუწყებელთა კავშირი (EBU).

Prix Europa-სთან მემორანდუმის გაფორმებით საქართველოს პირველი არხი ოფიციალურად შეუერთდა შემოქმედებითი ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფესტივალის მხარდამჭერთა ალიანსს.

Prix Europa ყოველწლიურად აჯილდოებს საუკეთესო ევროპულ სატელევიზიო, რადიო და ციფრული მედიის პროგრამებს. 2026 წლის Prix Europa-ს გალა-დაჯილდოებაზე, რომელსაც ბერლინმა უმასპინძლა, წლის საუკეთესო ევროპული დოკუმენტური ვიდეოსერიალის ნომინაციაში გამარჯვებულ ნორვეგიის საზოგადოებრივ მაუწყებელს, NRK-ს ფილმისთვის The Dream of America: Four Friends პრიზი საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა გადასცა.

Prix Europa ხელს უწყობს ევროპის საზოგადოებრივი მაუწყებლების საუკეთესო აუდიო, ვიდეო და ციფრული მედიაკონტენტის პოპულარიზაციას. ის ყოველწლიურად მართავს მედიაკონკურსს და ევროპის 49 ქვეყნის შემოქმედებითი ინდუსტრიისთვის ქმნის პლატფორმას გამოცდილების გასაზიარებლად.