21 ოქტ 2026
საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო (LTA), საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში პროფესიული სტანდარტების გაძლიერების მიზნით, მძღოლებისა და სატრანსპორტო მენეჯერების გამოცდისა და სერტიფიცირების პროცესში IRU-ს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი ახალი სერტიფიცირების სისტემის დანერგვას გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო საავტომობილო კავშირი (IRU) საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს.
როგორც საერთაშორისო ორგანიზაციაში განმარტავენ, საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ IRU-ს საგამოცდო და სერტიფიცირების სისტემა პროფესიული კომპეტენციების ამაღლების მიზნით შეარჩია.
IRU-ს საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინიციატივა ხელს შეუწყობს საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ხარისხის შესახებ ევროპის ტრანსპორტის მინისტრთა კონფერენციის (ECMT) ხარისხის ქარტიის მოთხოვნების შესრულებას, განსაკუთრებით იმ საკითხში, რომელიც მძღოლებისა და სატრანსპორტო მენეჯერების პროფესიულ კვალიფიკაციას ეხება.
IRU Examiner-ის (საგამოცდო და სერტიფიცირების სისტემა) დანერგვით სააგენტო პროფესიული მომზადების სფეროს გააფართოებს და შექმნის პროფესიული კვალიფიკაციის უფრო სრულყოფილ ჩარჩოს, რომელიც მომზადების, გამოცდისა და სერტიფიცირების პროცესებს ერთიანი სტანდარტებითა და მეთოდოლოგიით დააკავშირებს.
საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის კავშირში აცხადებენ, რომ IRU Examiner სახელმწიფო უწყებებსა და საგამოცდო ორგანოებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ ჩარჩოს სთავაზობს, რომელიც ECMT-ისა და ევროკავშირის მოთხოვნებს მოიცავს. სისტემა აერთიანებს შეფასების მეთოდოლოგიებს, საგამოცდო კითხვებსა და ინსტრუმენტებს, პრაქტიკული შეფასების საკონტროლო სიებს, ასევე გამოცდისა და სერტიფიცირების პროცესებს. ამასთან, მისი დანერგვა შესაძლებელია ეროვნულ მოთხოვნებთან შესაბამისობის გათვალისწინებით.
„საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული ეროვნული პოტენციალის განვითარებით, საქართველო აძლიერებს საფუძვლებს უფრო უსაფრთხო და ეფექტიანი ტრანსპორტისთვის, მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალისა საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების სფეროში კავშირების გაძლიერების კუთხით“, - განაცხადა IRU-ის სერტიფიცირებისა და სტანდარტების სფეროს დირექტორმა პატრიკ ფილიპმა.
„IRU Examiner-ის ჩარჩოს დანერგვა ჩვენი სექტორისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, რომ მინიმალური შესაბამისობის მოთხოვნებიდან პროფესიული სტანდარტების უმაღლეს დონეზე გადავიდეთ, რაც მომავალში სატრანსპორტო სფეროში დასაქმებული კადრების კვალიფიკაციისა და სატრანსპორტო ოპერაციების განვითარებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ბაკურ მიქაძემ.
როგორც IRU-ს სტატიაშია აღნიშნული, სამომავლოდ პროფესიული კვალიფიკაციის მოთხოვნების გავრცელება, საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული მძღოლებისა და სატრანსპორტო მენეჯერების გარდა, შიდა სატვირთო და სამგზავრო გადაყვანების სფეროზეც იგეგმება.
„პროფესიული მომზადების, გამოცდისა და სერტიფიცირების გამართული სისტემების ჩამოყალიბებით საქართველო ამ სფეროში შემდგომი განვითარებისთვის მყარ საფუძველს ქმნის“, - აღნიშნულია სტატიაში.