25 ოქტომბერს პატრიარქი ხიჭაურში საყოველთაო ნათლობას აღავლენს

21 ოქტ 2026

25 ოქტომბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო III-მ სადღესასწაულო წირვა უნდა აღავლინოს.

მსახურება გაიმართება შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურში, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტთან არსებულ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, - ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

"ამა წლის 25 ოქტომბერს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურში, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტთან არსებულ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში.  წირვა 10:00 საათზე დაიწყება.

ღვთისმსახურების შემდეგ უწმინდესი და უნეტარესი შიო III აღასრულებს საყოველთაო ნათლობას.

ნათლობის მსურველები ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში უნდა მობრძანდნენ 12:00 საათზე.

16:00 საათზე მისი უწმინდესობა დალოცავს ახლად ნათელღებულებს,"- ნათქვამია ინფორმაციაში.