ნიცაში არასრულწლოვანებისთვის კომენდანტის საათი დაწესდა

21 ოქტ 2026

შეზღუდვა ქალაქის რამდენიმე უბანში მოქმედებს და დილის 06:00 საათამდე გადაადგილებას კრძალავს.

ნიცაში არასრულწლოვანებისთვის ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდა. გადაწყვეტილება ქალაქის მერმა, ერიკ სიოტიმ, ალპ-მარიტიმის დეპარტამენტის პრეფექტურასთან შეთანხმებით მიიღო.

კომენდანტის საათი 19 ოქტომბერს, 21:00 საათზე ამოქმედდა და 26 ოქტომბრის დილის 06:00 საათამდე გაგრძელდება. შეზღუდვა ვრცელდება ნიცის ცენტრზე, ძველ ნიცაზე (Vieux-Nice), ტრაშელის (Trachel) უბანსა და გარ დუ სუდის (Gare du Sud) ტერიტორიაზე. 

რა გახდა შეზღუდვის მიზეზი?

გადაწყვეტილება მოჰყვა 17 და 18 ოქტომბერს ქალაქში მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებსა და ვანდალიზმის ფაქტებს. ხელისუფლების განცხადებით, დამატებითი ზომების მიზანი საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და ახალი დაპირისპირების პრევენციაა. 

რა დამატებითი ზომები ამოქმედდა?

ალპ-მარიტიმის დეპარტამენტის პრეფექტურის გადაწყვეტილებით, 25 ოქტომბრის 23:00 საათამდე ასევე შეზღუდულია პიროტექნიკის, ფეიერვერკების, მცირე მოცულობის ჭურჭლით საწვავისა და გარკვეული აალებადი ან კოროზიული ნივთიერებების ტარება და ტრანსპორტირება. აკრძალვა ასევე ეხება იარაღსა და ისეთ ნივთებს, რომლებიც შესაძლოა იარაღად გამოიყენონ, აგრეთვე გარკვეული დამცავი აღჭურვილობის ტარებას. 

კომენდანტის საათი მთელ ქალაქზე არ ვრცელდება. ის კონკრეტულ უბნებში მოქმედებს და არასრულწლოვნებს ეხება.