ვარდისფერი ოქტომბრის კამპანიის ფარგლებში “ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაციისა და ქობულეთის მერიის ინიციატივით კულტურის სახლში ღონისძიება გაიმართა

20 ოქტ 2026

ვარდისფერი ოქტომბრის კამპანიის ფარგლებში “ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაციისა და ქობულეთის მერიის ინიციატივით კულტურის სახლში ღონისძიება გაიმართა.

მისი მთავარი მიზანი ძუძუს კიბოს სკრინინგისა და დროული დიაგნოსტირების შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო. ღონისძიებაზე შეკრებილ ქალებს დეტალური ინფორმაცია ონკოლოგიურ დაავადებაზე, თავად მამოლოგი ექიმი თემურ გოგიტიძე ესაუბრა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე, რომელიც აქტიურადაა ჩართული ვარდისფერი ოქტომბრის კამპანიაში.

მათ ქობულეთის კულტურის სახლში შეკრებილ ქალებს და არა მხოლოდ მათ, სკრინინგში ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს. მინისტრმა ხაზი გაუსვა კვლევებისა და მკურნალობის იმ პროგრამებს, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს და სრულად აფინანსებს. 

დღეს დარბაზში არაერთხელ აღნიშნეს, რომ ძუძუს კიბო არ არის განაჩენი და დროული დიაგნოსტიკა მისი განკურნების საშუალებას იძლევა.

ვარდისფერი კამპანიის ფარგლებში, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვა უფასო კვლევებს ატარებს. მობილური ჯგუფები უკვე იმყოფებოდნენ ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში.