„ვარდისფერი ოქტომბერი“ ხულოში - ძუძუს კიბოს პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

20 ოქტ 2026

„ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში, ხულოს მუნიციპალიტეტში ძუძუს კიბოს პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ყურადღება გამახვილდა ძუძუს კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამასა და ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის მიმართულებით სახელმწიფო მხარდაჭერაზე.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებს მოწვეული სტუმრის სტატუსით მიესალმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე, რომელმაც „ვარდისფერი ოქტომბრის“ მნიშვნელობაზე, მოქალაქეების დროული ინფორმირებით საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვაზე, მაღალმთიანეთში მცხოვრები ქალების მხარდაჭერასა და პრევენციული ღონისძიებების გააქტიურებაზე ისაუბრა.