19 ოქტ 2026
ბათუმის ბულვარში 100-მდე უკანონო და უსახური ობიექტის დემონტაჟი განხორციელდა. მათგან დაახლოებით 20 მსხვილი ობიექტის ტერიტორიაზე გამწვანება და სარეკრეაციო სივრცეები მოეწყო. ბულვარის დირექტორის, არჩილ ანთაძის თქმით, ჯამში, 20-მდე სკვერი და სარეკრეაციო სივრცე შეიქმნა. ამის შესახებ ბათუმის ბულვარის დირექტორმა გადაცემაში „შეხვედრის დრო“ ისაუბრა.
“2026 წელი ბათუმის ბულვარისთვის პოზიტიური ცვლილებებით დავიწყეთ. დაახლოებით 100-მდე ობიექტის დემონტაჟი განხორციელდა ბულვარის ტერიტორიაზე, რომელიც იყო უკანონო და უსახური. აქედან გამომდინარე, მსხვილი იყო დაახლოებით 20-მდე ობიექტი, რომლის ტერიტორიაზეც გამოთავისუფლების შემდეგ განხორციელდა გამწვანებითი და სარეკრეაციო სივრცის მოწყობები“, - განაცხადა არჩილ ანთაძემ.
მისი თქმით, ახალი სკვერების მოწყობა მიმდინარეობს რესტორან „ტყუპების“ მიმდებარედ, ხოლო დელფინარიუმის მოპირდაპირე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა დასკვნით ეტაპზეა. პროექტები ბულვარის ისტორიული იერსახის გაუმჯობესებასა და ადგილობრივი მოსახლეობისა თუ ქალაქის სტუმრებისთვის კომფორტული სარეკრეაციო სივრცეების შექმნას ემსახურება.
2026 წელს ბულვარში ორი საბავშვო სივრცის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. დასრულების ეტაპზეა სასტუმრო „მარინას“ გასწვრივ მდებარე საბავშვო სივრცის მოწყობაც, რომლის გახსნაც, ანთაძის თქმით, უახლოეს დღეებში იგეგმება.
მიმდინარე წელს ბათუმის ბულვარში 4 000-მდე სხვადასხვა ჯიშის მცენარე შეიტანეს. მომავალ წელს კი ახალი მცენარეების შეძენა და მრავალწლოვანი სახეობების დარგვა იგეგმება.
“ბათუმის ბულვარს სჭირდება გამწვანების მიმართულებით აქტიური მოვლა-პატრონობა, იმიტომ რომ ისტორიულ-კულტურულ ძეგლს წარმოადგენს, მინდა გითხრათ, და აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულ მოვლა-პატრონობას საჭიროებს. მომავალ წელსაც იგეგმება სხვადასხვა ჯიშის ისეთი მრავალწლოვანი მცენარეების დარგვა, რომელიც ბათუმის ბულვარს უფრო მიმზიდველს, კომფორტულს და აი იმ ჯანსაღ გარემოს გახდის, რომელიც მოეწონება როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე ქალაქის სტუმრებს“, - განაცხადა ბულვარის დირექტორმა.
არჩილ ანთაძის ინფორმაციით, ბათუმის ბულვარი წელს მეოთხედ გეგმავს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ჩატარებას. ღონისძიებაში ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად უცხოელი სპეციალისტებიც მიიღებენ მონაწილეობას. კონფერენციის მიზანი გამოცდილებისა და მოსაზრებების გაზიარება და ბულვარის შემდგომი განვითარებისთვის ხელშეწყობაა.