19 ოქტ 2026
ვნახეთ ალბანეთთან, საფრანგეთთან დაკავშირებით ევროკავშირის, ევროკომისიის განცხადებები, სადაც ისინი გმობენ ძალადობრივ დემონსტრაციებს, სწორედ ამას მოვუწოდებდით ჩვენ და მეც, პირადად ამდენი ხანი ევროკავშირს, ევროკავშირის ელჩს, რომ დაეგმო ძალადობა, შეძლებიათ თურმე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირს ჰქონდა ბევრი შესაძლებლობა, დაეგმო ძალადობა და ძალადობრივი აქციები საქართველოში, მაგრამ მათი მხრიდან ეს განცხადებები წლების განმავლობში არ გაკეთებულა.
„ახლა კითხვა მარტივად არის, რომ ეს განცხადებები უნდა მოგვესმინა 2019 წლის 20 ივნისს ევროკავშირისგან, მაგრამ ვერ მოვისმინეთ. 2020 წელს, არჩევნების შემდეგ, როდესაც ცესკო-ზე თავდასხმა იყო „ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, ვერ მოვისმინეთ ევროკავშირისგან განცხადება. ეს განცხადებები უნდა მოგვესმინა 2021 წლის მარტში, როდესაც „ნსციონალური მოძრაობა“ და ნიკა მელია გამაგრდნენ ალამუთისციხეში, თავისი პარტიის ოფისში და მაშინ ვნახეთ ევროკავშირის ელჩები როგორ მიდიოდნენ მასთან და ამ ძალადობას ახალისებდნენ. ვერ მოვისმინეთ 2022 წლის ივნისში, როდესაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ენჯეოები“ ხელისუფლების დამხობას ცდილობდნენ პარლამენტის წინ, მიტინგზე. ვერ მოვისმინეთ 2023 წლის მარტში, როდესაც თვალხატულა ლაზარე გრიგორიადისი მოლოტოვის კოქტეილით წვავდა პოლიციელს. ვერ მოვისმინეთ 2024 წლის მაისში, როდესაც „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების დროს პარლამენტში ძალადობა, მოლოტოვის კოქტეილები ვიხილეთ რუსთაველის ქუჩაზე. ვერ მოვისმინეთ 2024 წლის ნოემბერში არჩევნების შემდეგ, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენლები აქ იდგნენ, პარლამენტის წევრები, სხვადასხა ქვეყნის კომიტეტების თავმჯდომარეები და მაიდნისკენმოუწოდებდნენ ხალხს. ვერ მოვისმინეთ 2025 წლის 4 ოქტომბერს, როდესაც სწორედ ევროკომისიის პრესსპიკერის წაქეზებული ბრბო შეეცადა პრეზიდენტის სასახლის დაკავებას.
ევროკავშირს ჰქონდა ამდენი შესაძლებლობა, რომ დაეგმო ძალადობა და ძალადობრივი აქციები, თავდასხმები პარლამენტზე და პრეზიდენტის სასახლეზე და ვერც ერთხელ ვერ მოვისმინეთ. ახლა ხომ ისმის კითხვა – რატომ? რატომ ვნახეთ ეს ჩვენ ალბანეთთან, საფრანგეთთან, იტალიასთან მიმართებით და ვერ ვნახეთ საქართველოსთან მიმართებით. მგონი, პასუხი მარტივია – თავად ეს ჯგუფები, ბრიუსელი და მისი საცეცები იდგნენ ამ ძალადობის უკან. მათი დაფინანსებული ადამიანები იყვნენ 2019 წლის 20 ივნისიდან მოყოლებული დღემდე. ევროკავშირის ფონდებიდან დაფინანსებული ადამიანები არიან მოძალადეები. ევროკავშირის ფონდებიდან დაფინანსებული ადამიანები არიან, ვინც ცდილობენ პრეზიდენტის და პარლამენტის დაწვას, შტურმით აღებას. და ევროკავშირის დაფინანსებული ადამიანები არიან, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილებს, ქვებს ისვრიან პოლიციის მიმართ და წვავენ სხვადასხვა შენობებს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში ძალადობის წაქეზებით ბრიუსელმა „მიიღო ძალადობა საკუთარ სახლში“.
„აი, ეს არის სიმართლე, რადგან საკუთარი თავი უნდა დაეგმო მაშინ ევროკავშირის ელჩს და საკუთარი თავი უნდა დაეგმო ევროკომისიას 4 ოქტომბერს თუ დაგმობდა, იმიტომ, რომ სწორედ ევროკომისია და ევროკავშირი იყო ის, ვინც აქეზებდა ამ ადამიანებს ძალადობაზე. 4 ოქტომბერი სრულად არის ევროკავშირის და მისი ელჩის სინდისზე. მათი წაქეზებულია სრულად ის ძალადობა და ის ბრბო, რაც ვიხილეთ 2025 წლის 4 ოქტომბერს, რომელიც პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღებას ცდილობდა. ეს არის სიმართლე და ამ სიმართლეს უნდა ჩახედონ ახლა თვალებში და მიხვდნენ იმას, რომ სწორედ იმიტომ, რომ საქართველოში აქეზებდნენ ამ ძალადობას, აფინანსებდნენ ამ ძალადობას. ჯერ ბარიკადებზე აჰყავს ბრიუსელს ეს ბრბო მოლოტოვის კოქტეილებით და შემდეგ ტოვებს მათ ციხეში, რადგან საქართველოზე თავდასხმის შესაძლებლობა ჰქონდეს ამ რიტორიკით, რომ პატიმრობაში არიან ადამიანები. სწორედ იმიტომ, რომ დათესეს ქარი საქართველოში, მიიღეს ქარიშხალი ევროკავშირის სხვადასხვა ქალაქში. ეს არის ის ლოგიკა, რომელიც ყველას მიუბრუნდება, რომელიც ძალადობას მხარს უჭერს და აფინანსებს. ბრიუსელი ამ შემთხვევაში კარგი მაგალითია - მხარს დაუჭერ, დააფინანსებ ძალადობას? მიიღებ ძალადობას საკუთარ სახლში“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.