19 ოქტ 2026
საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ პირები, რომლებმაც სამთავრობო შენობები დააზიანეს, საკუთარი დანაშაულებისთვის პასუხს აგებენ. ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა ერისადმი მიმართვის დროს განაცხადა. პრეზიდენტმა საპროტესტო აქციის მონაწილეთა ქმედებებს სამარცხვინო უწოდა.
მაკრონის თქმით, უნდა გაანალიზდეს პროტესტის მიზეზები, რადგან აქციის მონაწილეები სამართლიანი მოთხოვნით გამოვიდნენ. ამასთან, მან აღნიშნა, რომ გამოძიება „მაქსიმალური გულმოდგინებით“ ჩატარდება.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ვინც მაღაზიებს ამტვრევდა და ძარცვავდა, ზარალი უნდა აანაზღაუროს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში შაბათს გამართული დემონსტრაციის დროს 2 400-მდე აქტივისტი დააკავეს.
მათივე ცნობით, აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს დაახლოებით 1 000 პოლიციელი და ჟანდარმი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შვიდი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.
ასევე ცნობილი გახდა, რომ პარიზის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც დემონსტრანტი გულის შეტევით გარდაიცვალა.
საფრანგეთში მასწავლებლების დეფიციტისა და სკოლების შენობების არასათანადო მდგომარეობის გამო გამართული საპროტესტო აქციები გასულ თვეში პარიზში დაიწყო.