19 ოქტ 2026
რთველი რაჭაში - ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე გადამუშავებულია 1 800 ტონამდე ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშების ყურძენი.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს რაჭა-ლეჩხუმში საპროგნოზო მოსავალი 3 ათასი ტონის ფარგლებშია.
რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირებისა და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება.
სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს „ხვანჭკარას“ მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის.
სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა ერთ კილოგრამ ყურძენზე 4 ლარია. უწყების ინფორმაციით, ადგილწარმოშობის ღვინოების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს უწევენ ჩასაბარებელ ყურძენს.