ბათუმში ალექსანდრე ხომერიკის სახელობის ფესტივალი გაიმართება - სცენაზე ვერდის „ოტელოს“ ფრაგმენტები შესრულდება

19 ოქტ 2026

დღეს, 19 ოქტომბერს, ბათუმის დრამატულ თეატრში ცნობილი საოპერო მომღერლის, ალექსანდრე (ალიკო) ხომერიკის სახელობის ფესტივალი გაიმართება. საღამოს მთავარი ნაწილი ჯუზეპე ვერდის ოპერა „ოტელოს“ ფრაგმენტები იქნება. ღონისძიება ბათუმში ამ ნაწარმოების დადგმიდან 30 წლისთავს ეძღვნება.

ფესტივალის ორგანიზატორის, აჩიკო გოგიტიძის თქმით, იდეა გასულ წელს, პროექტის „ბათუმი - საქართველოს კულტურის დედაქალაქი“ ფარგლებში გამართული საოპერო კომპოზიტორების საღამოს შემდეგ გაჩნდა.

„ბატონი ალიკო გამოირჩევა სხვა ოპერის მომღერლებისგან არა მარტო შემოქმედებითი მიღწევებით, არამედ საზოგადოებრივი მოღვაწეობით. ეს არის ყველაზე დიდი, მნიშვნელოვანი საქმე, რომ ის არის ბათუმის საოპერო თეატრის დამაარსებელი და საოპერო ტრადიციების დამფუძნებელი ჩვენს ქალაქში“, - განაცხადა აჩიკო გოგიტიძემ გადაცემაში „ახალი დილა“.

მისივე თქმით, წლევანდელი ფესტივალი ალექსანდრე ხომერიკის შემოქმედებით სტილსა და ენერგეტიკას უკავშირდება. საოპერო საღამოზე ვერდის „ოტელოს“ გამორჩეული ფრაგმენტები შესრულდება. მონაწილეობას ბათუმელი და დედაქალაქიდან მოწვეული მომღერლები, მათ შორის ახალგაზრდა სოლისტები მიიღებენ.

ორგანიზატორის თქმით, ალექსანდრე ხომერიკთან მას არა მხოლოდ შემოქმედებითი, არამედ ახლო ადამიანური ურთიერთობაც აკავშირებდა. მისგან ბევრი რამ ისწავლა, მათ შორის ისიც, თუ რა სირთულეები ახლავს მასშტაბური კულტურული პროექტების განხორციელებას.

„ბოლო 10 წელი მაინც ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა მასთან, არა მარტო შემოქმედებითი, არამედ უფრო ადამიანური. ის დეტალები, რაც სჭირდება ასეთი საქმეების კეთებას, სხვათა შორის, ის ბევრი სირთულე, რაც ახლავს ამ საქმეს, მისგან პირადად მაქვს მოსმენილი და ნასწავლი“, - აღნიშნა აჩიკო გოგიტიძემ.