19 ოქტ 2026
პარიზში მოქმედ ქართველთა კულტურის კერა „ლაზის“ სკოლაში 130-ზე მეტი ბავშვი სწავლობს. მოსწავლეებს შორის არიან როგორც ქართველი და შერეული ოჯახების შვილები, ისე ფრანგი და სხვა უცხოელი ბავშვები. ამის შესახებ გადაცემაში „ახალი დილა“ ქართული ენის პედაგოგმა ნანა ფალავანდიშვილმა ისაუბრა.
„ჩვენს სკოლაში 130-ზე მეტი ბავშვია. აქედან მეტწილად სკოლის მოსწავლეები არიან. სკოლის გარდა, გვაქვს ცეკვის კურსებიც - გაკვეთილები, რომლებზეც შეიძლება ის ბავშვებიც დადიოდნენ, რომლებიც სკოლაში არ სწავლობენ, მაგრამ მხოლოდ ცეკვის გაკვეთილებზე მოდიან. ბავშვები არიან როგორც ქართველი, ქართული ოჯახებიდან, ასევე შერეული ოჯახებიდან. თუმცა დღესდღეობით მხოლოდ შერეული ოჯახებიდან კი არა, მთლიანად ფრანგებიც და სხვა უცხოელებიც შემოგვიერთდნენ. წელს უკვე ისინიც მოვიდნენ ჩვენთან“, - აღნიშნა ნანა ფალავანდიშვილმა.
მისი თქმით, ქართული ცეკვის მიმართ ინტერესი იზრდება, რასაც ხელს უწყობს ასოციაციის მონაწილეობა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ ღონისძიებებში.
„განსაკუთრებით ქართული ცეკვებით დაინტერესდნენ. ახლა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში უფრო ფართო მასშტაბით გავედით და უცხოელებიც უფრო მეტად შემოგვიერთდნენ - დიახ, არა მხოლოდ ქართველები“, - განაცხადა ნანა ფალავანდიშვილმა.
პედაგოგის თქმით, საქართველოში სტუმრობა ბავშვებს ქართული კულტურის საკუთარი თვალით გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.